
გორის მერია ახალ სკანდალში გაეხვა
26/01/2021 14:08:04 პოლიტიკა, რეგიონები
გორში შინდისის გმირების გამზირზე მისამართის აღმნიშვნელი ბანერების დამზადება და მონტაჟი რუსულ კომპანიას დაუკვეთეს. ირკვევა, რომ უკვე განთავსებლ ბანერებზე მისამართი არასწორადაა მითითებული. კერძოდ, გამზირის ნაცვლად ბანერზე გზატკეცილი წერია და ისიც არასრულად. გარდა ამისა, ბანერზე რუსული ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ რეკლამაა განთავსებული.
სამოქალაქო აქტივისტები ბანერების დემონტაჟს და გორის მერიისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.
„კომპანიამ მოგვმართა და ჩვენთვის არაა ცნობილი, სადაურია. მან შემოგვთავაზა, რომ განათავსებდა აბრებს და მათზე პატარა სარეკლამო ბროშურაც იქნებოდა განთავსებული. მერიამ განიხილა წინადადება. კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყო და გასცა თანხმობაც. თუ რამე შეცდომაა დაშვებული, აუცილებლად გამოვასწორებთ“,– განაცხადა თემის კომენტირებისას „ფორმულასთან“ მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ლადო თარხნიშვილმა.
გორის მერი კი აცხადებს, რომ საქმის კურსში არაა.
ცნობისთვის: გორში, შინდისის გმირების გზატკეცილს შინდისის გმირების გამზირი 2019 წელს ეწოდა.
ვინ არიან შინდისის გმირები
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა. შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.