მკოიანი ოჯახის წევრის გარდაცვალებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს
27/01/2021 16:52:21 სამართალი
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზი ოჯახზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გახდა. საუბარია 50 წლის ქალზე, რომელმაც 27 იანვარს ახალქალაქში სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ქალი ყოფილი პარლამენტარის ენზელ მკოიანის ძმის ცოლია.
„წელს ჩვენი ოჯახი ძალიან დატანჯეს. ეს ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. ჯერ, შარშან, 4 ოქტომბერს, მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთი წლის წინ, პროკურატურაში საქმე არ აღძრულა. 2020 წელს მისი შვილი დააკავეს. არ აძლევდნენ უფლებას, რომ საკუთარ შვილთან ესაუბრა. მოდიოდა ქალი და ტიროდა, შვილთან სატელეფონო საუბარს მთხოვდა. ძმას მანქანა აუფეთქეს, კანტუზია მიიღო, შემდეგ გაზისა და ჰესის ბიზნესები გააჩერეს. ამას მისმა გულმა ვერ გაუძლო და თვითმკლელობამდე მივიდა“, - ამბობს ენზელ მკოიანი.
გარდაცვლილი ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელი იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალქალაქში ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის ავტომანქანა 21 აგვისტოს ააფეთქეს. მომხდარი მარტუნ მკოიანმა პოლიტიკოსი ძმის საქმიანობას დაუკავშირა და თქვა, რომ მას, როგორც ბიზნესმენს, პრობლემები არავისთან აქვს.
ავტომობილის აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის 20 ივლისს ენზელ მკოიანს დაემუქრნენ და 5 მლნ ლარის გადახდა მოსთხოვეს.
ცნობისთვის: 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ" ენზელ მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანი წარადგინა და სწორედ ის გახდა დეპუტატი.


