
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელძღვანელი: „სომხური ჯარი მტერს მუშტის ძალას აჩვენებს“
28/01/2021 08:57:02 კავკასია
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკმა ონიკ გასპარიანის განცხადებით, ქვეყნის არმია „ჭრილობებს მოიშუშებს და მტერს საკუთარი მუშტის ძალას აჩვენებს“. ამგვარად მიმართა სამხედრო მაღალჩინოსანმა ყარაბაღის მეორე ომის შედეგებით იმედგაცრუებულ მოქალაქეებს.
როგორც გასპარიანი ქვეყნის არმიის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, სომხეთის არმიამ 2020 წლის 27 სექტემბერს გამოწვევა მიიღო, 44 დღის განმავლობაში გმირულად იბრძოდა ბევრად ძლიერი მტრის წინაღმდეგ და მას დიდი ზარალი მიაყენა:
„რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ ვაგრძელებთ სამშობლოს დაცვის წმინდა საქმეს, ახალ ხაზებზე საბრძოლო მოვალეობის ორგანიზებას, ჯარის საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად ეფექტური ზომების მიღებას. დარწმუნებული ვარ, რომ 2021-ში გაიხსნება ახალი გვერდი ჯარის საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“.
2020 წლის 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისთვის, მოსკოვის შუამავლობით დადებული ზავით დასრულდა, რასაც იქ რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსება და რეგიონზე ბაქოს ნაწილობრივი კონტროლი მოჰყვა.