"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მაღალი დონის კორუფციას მოუგვარებელ პრობლემად ასახელებს
28/01/2021 09:15:31 სამართალი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით, ქვეყანაში ისევ მოუგვარებელია მაღალი დონის კორუფციის პრობლემა.
დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო ოფისმა გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის ინდექსი 2020“, რომელიც აფასებს საჯარო სექტორში კორუფციის სავარაუდო დონეს მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. შეფასებისთვის გამოყენებულია შკალა 0-დან(ძალიან კორუმპირებული) 100-მდე(ძალიან სუფთა). საქართველო 56 ქულით 45-ე ადგილზეა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებით, ის გარემოება, რომ საქართველოს აქვს საშუალო შედეგი, რომელიც წლებია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მიუთითებს, რომ მართალია, ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის, კერძოდ, წვრილმანი კორუფციის შემცირების მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები ამ ტიპის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით.


