ოჯახის ინფორმაციით, გახელაძის საქმეზე მოწმემ ჩვენება შეცვალა, რაც მათ მედს უჩენს
28/01/2021 10:03:00 სამართალი
ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში დღეს გაგრძელდა ზაზა გახელაძის საქმის განხილვა. სხდომაზე ისევ მოწმეეები დაკითხეს.
დე ფაქტო სასამართლოს მოსამართლემ შემდეგი სხდომა 5 თებერვლისთვის დანიშნა. ეს ინფორმაცია ოსურმა მხარემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიაწოდა.
ოჯახის ინფორმაციით, წინა სასამართლო სხდომაზე რუსმა სამხედრომ განაცხადა, რომ გახელაძეს მისი მისამართით არ უსვრია, მან უბრალოდ ჰაერში გაისროლა, რაც ოჯახს იმედს უჩენს, რომ გახელაძეს გაათავისუფლებენ.
ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოში ზაზა გახელაძის საქმის განხილვა 18 იანვარს დაიწყო. წინა სხდომაზე მოწმეებთან ერთად ზაზა გახელაძეც დაკითხეს. მას ბრალი წაყენებული აქვს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ეხება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 322-ე მუხლი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ეხება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ზაზა გახელაძეს ცხინვალის ციხეში, ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. თუმცა, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.


