პროკურატურა მელაშვილის და ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავიუსფლებას გეგმავს
28/01/2021 10:25:40 სამართალი
ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება ყველა მიმართულებით სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი, რადგან ამ ეტაპისთვის უკვე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, – ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული.
„ჩვენ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო. გამოძიება სრულად ამოვწურეთ. ჩვენ ამ მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გავასაჯაროვეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად ჩვენ დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მთელი გამოძიების მიმართულია სწორე დავალებების გამცემის ინდეტიფიცირებისათვის და ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს საგამოძიებო ორგანო, მათ შორის დღეს უკვე ერთი პირი იმყოფება გამოკითხვაზე. ამ მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ღონისძიებებს და შესაბამისი შედეგების თაობაზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე.
„ჩვენ ყველამ ვიხილეთ, მათ აღიარება. შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი, რადგან ამ ეტაპისთვის უკვე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ამას აქვს თავის საფუძველი და ჩვენ პრაქტიკულად ბრალდებულების ქმედების აღიარება ვიდეოაუდიო ფორმით მოვიპოვეთ. ეს ნიშნავს, შემდეგს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით პრინციპულები კატეგორიულები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, ერთი პირი უკვე იმყოფება გამოკითხვაზე,ა მ მიმართულებით დავალებების გამცემი პირების გარშემო აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აუცილებლად შესაბამის დროს საზოგადოებას ვაცნობებთ ამ გამოძიებების შედეგების შესახებ“, – განაცხადა პროკურორმა.
კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.
პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.
ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.


