„ეს საზოგადოების დამსახურებაა“ – მელაშვილის პირველი კომენტარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ
28/01/2021 14:18:08 სამართალი
როგორც იქნა, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს და ეს საზოგადოების და ადვოკატების დამსახურებაა,– განაცხადა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა კარტოგრაფმა ივერი მელაშვილმა.
„დანარჩენი, გაგრძელდება პროცესები. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. არ არსებობდა დაკავების საფუძველი, მაგრამ დამაპატიმრეს და ყველაფერს ველოდი, მაგრამ კარგია, რომ გაგვათავისუფლეს. გირაოს არ ვეთანხმებოდით, რადგან არავითარი ბრალეულობა არ მიგვიძღვის არც მე და არც ნატალიას. ეს აბსურდული, საზიღრრესი ბრალდებაა, რომელიც წამოწეულია პოლიტიკური ნიშნითა“,– განაცხადა ივერი მელაშვილმა.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, მელაშვილი აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესია გადაღებული:
„სამუშაო შეხვედრა, სამუშაო განხილვაა, მეტი არაფერი. კომისიის თავმჯდომარეს მისი ერთ–ერთი თანამშრომელი ხვდება. მსჯელობა სამუშაო ვითარებაში მიდიოდა. სამუშაო სეხვედრაზე ზოგადად, მომავალშიც ასე იქნება, უამრავი საკითხვის განხილვა იყო. ვსაუბრობდით, რაც არ იცოდა, იმაში დარწმუნდა. შედეგი არის ის, რაზეც მოეწერა ხელი. ქვეყნის არავითარი საწინააღმდეგო იქ არ არის. ამაში ვერც ბატონ გოგის დაადანაშაულებს, არც ბადრი ბიწაძის და არც ივერი მელაშვილის დადანაშაულება შეიძლება“.
მისი თქმით, ამ საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაკავება "იმ საზიზღრობის გაგრძელების მცდელობაა, რაც აქამდე ხდებოდა და ეს მარაზმი უნდა დასრულდეს. უსაფუძვლო ისაა, რომ დავის საგანი არ არსებობს, არავის არაფერი გადასცემია".
მელაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა მხარისთვის სასარგბლოა, თუმცა პირველი ნაბიჯია და პროცესები წინაა.
"მიღებული გადაწყვეტილება არის ყველასთვის სასარგებლო, პირველ რიგში ბრალდებულებისთვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში უსაფუძვლოდ იყვნენ პატიმრობაში. ეს ლაქა სახელმწიფომ უნდა ჩამოირეცხოს. ადვოკატებისთვის ეს ბრძოლაში გადადგმული პირველი ნაბიჯია, რომელიც მარტო ჩვენი დამსახურება არაა, ეს მთელი საზოგადოების დამსახურებაა. იმედი გვაქვს, რომ ამ სასამართლოს პირობებშიც კი, რომელთა მიმართებაში ზოგადად ბევრი პრეტენზია გვაქვს, მივაღწევთ წარმატებას საბოლოოდ", - განაცხადა მშვენიერაძემ.
10 თებერვალს საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.


