ოპოზიციის რეაქცია ელისაშვილის გადაწყვეტილებაზე
29/01/2021 13:19:43 პოლიტიკა
ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირადო, აწი ერთი ფასი აქვს პარლამენტში შევა, სამიკიტნოში, თუ ბუტკაში, – ასე ეხმიანებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის გადაწყვეტილებას, შევიდეს პარლამენტში.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილმა ბევრი იწვალა, ბევრი იცოდვილა და მაინც შეუერთდა „ქართულ ოცნებას“:
„იქ არის მისი ადგილი. ეს პარლამენტის მდგომარეობას ვერ შეცვლის, ის ერთპარტიულია, არალეგიტიმურია, აქედან გამომდინარე, ამითი არაფერი არ შეცვლილა“.
ენმ–ში აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ რიგებში შევიდნენ:
„ბოლო პერიოდია, თვალს ვადევნებთ ამ ორი ადამიანის წვალებას, რომ რამენაირად საბაბი მოეძებნათ და პარლამენტში შესულიყვნენ. როგორც ჩანს, ეს იყო მათთვის მთავარი და არა პრინციპების ერთგულება. ესაა აბსოლუტურად გაუმართლებელი ქმედება. ისინი ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ რიგებში შევიდნენ.
პროცესები, რასაც თვალს ვადევნებთ, „ქართული ოცნების“ თამაშია, რომ გაყალბებით, ძალადობითა და ყოველგვარი დარღვევებით მიღებულ ე.წ. პარლამენტს როგორმე ლეგიტიმაცია შესძინონ. თუმცა, ამას ვერ შეძლებენ, რადგან ის ქართველი ხალხის ნებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა პარტიის წევრმა გიორგი ბარამიძემ.
ბარამიძე ამბობს, რომ აქვს რწმენა, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პრინციპულობას შეინარჩუნებენ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი ელისაშვილს „ქართული ოცნების“ წევრად მოიხსენიებს.
მისი თქმით, „ალეკო ელისაშვილი არ გახლავთ ოპოზიციის მოკავშირე, ის არ არის ოპოზიციის წარმომადგენელი, არ ახმაურებს არც ჩვენს მიზნებსა და არც ჩვენს გეგმებს, მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები არ იქნება რელევანტური“.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კოლეგების გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.
მისი თქმით, საპარლამენტო ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის ჩართვა ერთფრაქცუიულ სახით წარმოდგენილ პარლამენტს ლეგიტიმაციას ვერ შესძენს.
როგორც მან აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, მათ შორის – რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.
პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მიერ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
"ალეკოს და ლევანის გაცხადებული პოზიციები ჩემთვის აქამდეც იყო ცნობილი, აქედან გამომდინარე, მე ვიცოდი და ველოდი, რომ ისინი პოლიტპატიმრების გამოშვების შემდეგ შევიდნენ პარლამენტში და იმ ცვლილებების განხორციელების და პირობის მიღების შემდეგ, რაზეც ალეკო საუბრობდა, მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ 5%-იანი ბარიერი 2024 წლისთვის ბუნებრივ ბარიერს მიუახლოვდეს.
"ჩვენ ახლა გაგვიჩნდა შანსი და ეს არის ერთადერთი შანსი, მგონი, ჩვენ ამის შემდეგ შანსი არ გვექნება, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდეთ იმაზე, რომ 5%-იანი ბარიერი, რომელიც არსებობს 2024 წლისთვის საარჩევნო, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვწიოთ და მივუახლოვოთ ბუნებრივ ბარიერს. ჩვენ თუ ახლა ამას არ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ქვეყანას ვტოვებთ ორპარტიულ მმართველობის ქვეშ, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის". სწორედ ეს მიჩენს მე მთავარ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა" ის ძალები, რომლებსაც არ უნდათ შეთანხმება და რომელთაც უნდათ შეინარჩუნონ ის ბარიერი მუდმივად, რომელიც მხოლოდ ორ ძალას ამყოფებს ამ ქვეყნის პარლამენტში. ამიტომ, ჩვენ ამ შანსს ვხედავთ, რომ ის ახლა გვერგო და თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს დავალაპარაკოთ, ახლა შეიძლება მივიღოთ ისეთი პირობა, რომ ამ ქვეყანაში მმართველობითი სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გაიმართოს და ჩვენ არ გვეშინოდეს არასოდეს იმის, რომ ვინმე, ერთპიროვნულ ძალაუფლებას ვინმე ჩაიგდებს ხელში,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის: პარლამენტში 29 იანვარს გამართლი შეხვედრის შემდეგ ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწია და რომ პარლამენტში შედის.


