
თაბაგარი: „ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და ახლა ბურთი საპატრიარქოს მოედანზეა“
05/07/2019 14:11:56 სხვა, საზოგადოება
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე მღვდელმთავრებთან საუბარს "მნიშვნელოვან შეხვედრად" აფასებს და აცხადებს, რომ "ახლა ბურთი საპატრიარქოს მოედანზეა“.
"საპატრიარქოს ნამდვილად შეუძლია ძალადობა არა მხოლოდ დეკლარირებულად დაგმოს, არამედ მოუწოდოს ადამიანებს მშვიდობისკენ, მოყვასის სიყვარულისა და განსხვავებულობის მიმღებლობისკენ. ეს არ გვეხება მხოლოდ ქვიარ ადამიანებს. ეს ეხებათ იმიგრანტებს, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ქალებს, შშმ ადამიანებს, დევნილებს, ნარკომომხმარებლებს და უამრავ მოწყვლად ჯგუფს. ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც თმის ფერის, საყურის ტარების თუ ფერადი ტანსაცმლის გამო ადამიანებს ქუჩაში სცემენ ან უკეთეს შემთხვევაში შეურაცხყოფას აყენებენ. ამიტომ ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს საპატრიარქოს რომ საზოგადოებაში არსებული სიძულვილი საგრძნობლად შეამციროს და დადგეს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე. ეს სჭირდება საზოგადოებასაც!
ვკითხულობდი რეაქციებს ამ შეხვედრის შესახებ და უმრავლესობამ დადებითად მიიღო დიალოგის მცდელობა, უფრო მეტს ალბათ გაუკვირდა, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი: აღარ უნდა ხალხს არც ტაბურეტკიანი და არც ქრისტიანობის სახელით ძალადობისკენ მომწოდებელი სასულიერო პირების ხილვა. პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის ინტერესების გამტარებელი საპატრიარქოს ხილვა ხო მითუმეტეს ყველაზე ნაკლებად ჭირდება ახლა ქვეყანას. ყველა მიესალმება თუ ეკლესია მშვიდობისკენ იქნება მოწოდებული. იქადაგებს სიკეთეს და სიყვარულს და საჯაროდ პოზიციონირებით არ შემოიფარგლება მხოლოდ.
მოკლედ, ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და ახლა ბურთი საპატრიარქოს მოედანზეა", - წერს გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს ბევრი მცდელობა ჰქონდათ საპატრიარქოსთან დიალოგის.
"ვერ შევძელით აქამდე. ასე რომ, ისტორიული შესაძლებლობა გვქონდა და გამოვიყენეთ. სინამდვილეში, მარტივი რაღაც გვინდა რომ გავაგებინოთ როგორც ეკლესიას, ასევე საზოგადოებას - არ არის აუცილებელი, ერთმანეთი გვიყვარდეს, ეკლესიაში ერთნაირსქესიანი წყვილების ჯვრისწერასაც არავინ ითხოვს. მთავარია, მშვიდობიანად თანაცხოვრება შევძლოთ არაძალადობრივ საზოგადოებაში. ეკლესიაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება თუ სიკეთეს და სიყვარულს იქადაგებს. ასე ვითარდებიან ქრისტიანობის სხვა განშტოებები და ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. იმის გააზრებაც უნდა მოხდეს, რომ 17 მაისის მსგავსი ძალადობრივი ქმედებები მათთვის დამღუპველი იქნება და ეს უნდა დაასრულონ", - წერს თაბაგარი.
აშშ–ის საელჩოში გამართულ მიღებაზე გადაღებულ ფოტოს, რომელზეც "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისა და მღვდელმთავრებია ასახული საქართველოს საპატრიარქოს პრეს–სპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ერთი ძალის მოგონილია ეს სცენარი და მიზანი ერთია - საზოგადოებაში ეკლესიისადმი ნდობა შემცირდეს".
