
ცხინვალში დაძაბულობა გრძელდება: დე ფაქტო პარლამენტის სხდომა “განუსაზღვრელი დროით” გადაიდო
29/01/2021 14:45:08 კონფლიქტები
ოსური დე ფაქტო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის მიზეზით კვლავ ჩაიშალა. როგორც სააგენტო “რესი” იუწყება, სხდომა “განუსაზღვრელი დროით” გადაიდო.
მანამდე, სხდომის დანიშნვისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება «გადაუდებელ მოქმედებას საჭიროებს”. მან “დეპუტატებს” მოუწოდა, «კონსტიტუციური სტაბილურობა და მართლწესრიგი არ დაერღვიათ».
ორი “საპარლამენტო” პარტიის – “სახალხოს” და “ნიხასის” წევრმა “დეპუტატებმა”, ასევე ერთმანდატიანი ოლქების რიგმა წარმომადგენლებმა ბოიკოტის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს მას შემდეგ, რაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა კვლავ არ ისურვა კომპრომისზე წასვლა და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება “გენპროკურორის” გადაყენებისა და სავარაუდოდ, სამართალდამცველების მიერ მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის – ინალ ჯაბიევის გარდაცვალების საქმის ობიექტური გამოძიების თაობაზე.
14 იანვარს დე ფაქტო დეპუტატების ნაწილმა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს მარატ ხუსნულინს წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ «2020 წლის 29 ოქტომბრიდან რესპუბლიკაში ლეგიტიმური მთავრობა აღარ არის”.