Accentnews.ge
ბიბილოვი პოლიტიკურ ოპონენტებს “საქართველოს ოსურენოვან მოქალაქეებად” ასაღებს

ბიბილოვი პოლიტიკურ ოპონენტებს “საქართველოს ოსურენოვან მოქალაქეებად” ასაღებს

29/01/2021 19:02:08 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი თბილისს “ცხინვალში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში” ადამაშაულებს.

«ჩვენ მშვენივრად ვამჩნევთ სოცქსელების რიგ მომხმარებელთა აქტივობას: ისინი, ასაღებენ რა თავს ოს პატრიოტებად, შუღლს აგდებენ განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მქონე ჩვენს მოქალაქეებს შორის. საქართველოში დღემდე მოქმედებს ორგანიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლამდე დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მასში არიან ოსურენოვანი მოქალაქეებიც, რომლებიც მონაწილეობენ კიდეც სოცქსელებში ვითარების დაძაბვაში», – განაცხადა ბიბილოვმა დე ფაქტო საგარეო დაზვერვის კოლეგიის სხდომაზე.

მისივე შეფასებით, “თბილისი რევანშისტულ გეგმებს არ ეშვება და საქართველოდან მომდინარე ყველა საფრთხე მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი”.

«თბილისის რევანშისტული ზრახვები გამოიხატება არა მარტო იმაში, რომ ქართული მხარე უარს აცხადებს სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმებაზე, არ აღიარებს ოსების გენოციდს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ფაქტს, არამედ იმაშიც, რომ არ წყვეტს პროვოკაცებს ჩვენი რესპუბლიკის საზღვრებთან და ახდენს აშკარად აგრესიული გეგმის დემონსტრირებას სოფელ წნელისთან. შემაკავებელ ფაქტორს, უდავოდ, წარმოადგენს ოსი ძალოვანების მიერ საზღვრების გაძლიერებული დაცვა, ასევე ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მე-4 რუსული სამხედრო ბაზისა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლობის არსებობა», – განაცხადა ბიბილოვმა.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალოვანების მიერ ახალგაზრდა მამაკაცის – ინალ ჯაბიევის წამებით მკვლელობას მოჰყვა. დე ფაქტო დეპუტატების ნაწილი “პარლამენტის” მუშაობის ბოიკოტირებას აგრძელებს. მათ რუსეთის მთავრობის მეთაურს წერილით მიმართეს, რომელშიც მოქმედი დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადეს. ცხინვალს ცენტრში კი გენპროკურორის გადაყენებისა და ჯაბიევის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით უვადო საპროტესტო აქცია გრძელდება.

რუსულმა ექსპერტიზამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც გარდაცვალების მიზეზად “ნარკოტიკების მიღების შეწყვეტაა” დასახელებული. თუმცა დამოუკიდებელმა ოსმა ექსპერტმა საკუთარი ექსპერტიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ გარდაცვალების მიზეზად წამების შედეგად მიღებული ტრავმების ფონზე განვითარებული გულის მწვავე უკმარისობა იქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S