
რატომ ასუფთავებდნენ სახელმწიფო უწყების საპირფარეშოს ბავშვები – ფაქტს შსს იძიებს
31/01/2021 19:26:13 სამართალი
ჩხოროწყუში მოზარდებისთვის სახელმწიფო უწყების საპირფარეშოს სავარაუდოდ, იძულებით დაასუფთავებინების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
რა მოხდა
მოქალაქე დავით ცირამუა სოციალურ ქსელში წერს: „პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში - ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა“.
ის იმედოვნებს, რომ განათლების სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.
ინფორმაციას ადასტურებენ ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
როგორც რადიო "ათინათს" ცენტრის ხელმძღვანელმა უთხრა, აღნიშნულის შესახებ მან ერთ-ერთი მშობლისგან გაიგო, რომელმაც დასუფთავების ამსახველი ვიდეო გამოუგზავნა.
ლია ჯალაღონიას თქმით, ფაქტის შესახებ უკვე ეცნობა სამინისტროს და საქმე მოკვლევის ეტაპზეა.
"ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა".
რას ამბობენ ჩხოროწყუს მერიაში
მომხდარს არც მერიაში უარყოფენ. კერძოდ, როგორც „აქცენტს“ მერიის პრეს–სამსახურში განუცხადეს,
„გამოძიება დაწყებულია, სამართალდამცველებმა დაკითხეს შესაბამისი პირები“.
„დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ნებისმიერი, ვისაც ექნება ამ საქმეში რამე გადაცდომა და მონაწილეობა, იქნება მკაცრად დასჯილი“,– დაგვპირდნენ მერიაში.