კარტოგრაფების ადვოკატები გირაოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ
01/02/2021 09:51:35 სამართალი
კარტოგრაფების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები გირაოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. უფლებადამცველები ბრალდებულთათვის გირაოს შემსუბუქებას და სამუშაო ადგილებზე აღდგენას მოითხოვენ.
"გავასაჩივრეთ როგორც გირაოს ოდენობა და ვითხოვთ უფრო ნაკლები გირაოს გამოყენებას ასევე გავასაჩივრეთ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ორივე ნაწილში მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მკაცრი ღონისძიებები და არ ემსახურება მართლმსაჯულების მიზნებს, არამედ დასჯის ეფექტი უნდათ რომ მოახდინონ", - აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.
კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა გასულ წელს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.
პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
2021 წლის 28 იანვარს სასამართლომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საპატიმრო სასჯელი თითოს 20 0000 ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა. გირაოს გადასახდელად ორივეს 30-დღიანი ვადა აქვს. მოსამართლემ, ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმ მოტივით, რომ მელაშვილის თანამდებობა მის შეჩერებამდე, პირდაპირ კავშირშია საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.
კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.
ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.


