
არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი საფრანგეთში ჩატარდება
01/02/2021 10:23:10 კონფლიქტები, საზოგადოება
დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია (ConIFA) არაღიარებული სახელმწიფოების საფეხბურთო ნაკრებების მონაწილეობით 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ჩაატარებს.
ღონისძიება, რომელიც FIFA-სა და შესაბამისად, UEFA-ს მიერ არაღიარებულ საფეხბურთო ფედერაციებს მოიცავს, 9-19 ივნისს, ორ ეტაპად გაიმართება.
გუნდები სამ სხვადასხვა კალათაში არიან განაწილებულნი. პირველ კალათაში შედარებით ძლიერი, ხოლო მესამე კალათაში შედარებით სუსტი გუნდები მოხვდნენ. პირველი კალათაშია ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი.
ConIFA–ს ერთ-ერთმა პრეზიდენტმა ალბერტ რიშიომ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ტურნირში მონაწილეობისთვის ყველა მონაწილე გუნდმა საფრანგეთში არსებული რეგულაციები უნდა დაიცვას.
რა არის ConIFA
ConIFA დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციაა, იგი მოიცავს პროფესიულ და/ან სამოყვარულო ფედერაციებს დე ფაქტო რესპუბლიკებიდან და რეგიონებიდან.
ორგანიზაცია 2013 წელს დაარსდა, ხოლო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 2014 წელს შვედეთში ჩაატარა, 2016 წელს – ოკუპირებულ აფხაზეთში. ორგანიზაციის შტაბ-ბინა შვედეთში, ქალაქ ლულეოში მდებარეობს.