
აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერი შტაბი ამოქმედდა
01/02/2021 14:59:32 კონფლიქტები
სოხუმში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი პროპაგანდისტული საზოგადოებრივი შტაბი ამოქმედდა.
შტაბი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის რუსული თემისა და “აფხაზეთის კაზაკთა შავიზღვისპირა ჯარის” ოფისში განთავსდა, რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტივისტებს აერთიანებს.
«შტაბის წევრები სხვადასხვა ეროვნების, ასაკის, პოლიტიკური ხედვისა და მრწამსის მქონე ადამიანები არიან, რომელთაც აერთიანებთ აქტიური სამოქალაქო პოზიცია და ერთი იდეა – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, როგორც რუსეთისა და აფხაზეთის სტაბილურობისა და უსაფრთხოების განარტის ირგვლივ კონსოლიდაცია», – ნათქვამია შტაბის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც პუტინის მხარდამჭერები აცხადებენ, “კონსოლიდაცია და ერთობა აუცილებელია შექმნილი საერთაშორისო ვითარებისა და რუსეთის საქმეებში აშშ-ის უხეში ჩარევის პირობებში”.
შეგახსენებთ, რომ თავად რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ძალოვანები უამრავ ადამიანს აკავებენ და ფიზიკურად უსწორდებიან, აღძრული სისხლის სამართლის უამრავი საქმე. უფლებადამცველები მომიტინგეთა უფლებებისა დათავისუფლებების ტოტალურ დარღვევაზე მიუთითებენ. წინააღმდეგობის მოძრაობის მომძლავრების ფონზე რუსეთის ხელისუფლება პუტინის მხარდამჭერი აქტივობების ორგანიზებას ცდილობს. ამ კონტექსტში 23 იანვარს მისი მხარდამჭერი რამდენიმე აქცია ჩაატარეს. მიტინგი სოხუმშიც იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის მოტივით გადაიდო.