
პრორუსული აფხაზური ოპოზიცია თბილისთან თანამშრომლობის ინიციატივის გამო სერგეი შამბას გადაყენებას მოითხოვს
01/02/2021 17:33:09 კონფლიქტები
აფხაზეთში პრორუსული ოპოზიცია კვლავ კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევს დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივას თბილისთან სავაჭრო თანამშრომლობის თაობაზე.
ვეტერანთა ოპოზიციურმა ორგანიზაცია “არუაამ” დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის – სერგეი შამბას ინიციატივების საპასუხოდ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, “აფხაზეთში ქართული პროდუქციის შეტანა აფხაზური სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისად იქცევა”. “არუაა” აცხადებს, რომ “არასოდეს დაუჭერს მხარს ომის შედეგების რევიზიას”.
“სერგეი შამბას ინიციატივა მსგავსია საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროგრამის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც “გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის გამარტივებასა და გაფართოებას” გულისხმობს. მიიღებს რა ასეთ საჩუქარს ჩვენი ხელისუფლებისგან, საქართველო ეკონომიკის გამოყენებით თავისი პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის დემპინგის პოლიტიკის განხორციელებას დაიწყებს აფხაზური ბაზრიდან რუსული პროდუქციის განსადევნად. ჩვენს ცალკეულ მეწარმეებს გაუჩნდებათ ქართველი პარტნიორები, დაიწყება საქართველოდან საქონლის შემოტანა, დამყარდება ჰორიზონტალური კავშირები და ეს ყველაფერი – აქაური მწარმოებლის საზიანოდ, თანაც ჩვენი სახელმწიფოს აღიარების გარეშე. აფხაზური ბაზრის გახსნა წაადგება საქართველოს ეკონომიკას და, როგორც შედეგი, ქართული არმიის შესაძლებლობების გაზრდას, პარალელურად კი უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე რუსეთთან», – ნათქვამია განცხადებაში.
“არუაა” წარსულში სერგეი შამბას დამსახურებებსაც იხსენებს, თუმცა მისი ბოლოდროინდელი ინიციატივების გამო მისი გადაყენების მოთხოვნას აყენებს. “სერგეი შამბა უნდა გადადგეს, თუ ამ საკითხების ლობირებას არ შეწყვეტს” – აღნიშნულია განცხადებაში.
- გასული წლის ივნისში დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ასევე გააკეთა განცხადება ტვირთბრუნვის კონტროლის აუცილებლობის თაობაზე. «რაც შეეხება პროდუქციას, რომელიც საქართველოდან შემოდის, ეს ჩვენი ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამას რამე უნდა მოუხერხდეს. საქართველოში აფხაზეთიდან მილიარდობით რუბლის ღირებულების პროდუქცია გადის», – განაცხადა ასლან ბჟანიამ.