წულუკიანი – პარლამენტში მისულ ელისაშვილს: "თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!"

02-02-2021 14:00:48 საშინაო პოლიტიკა

"თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!", – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილს.

"პირველ რიგში, მინდა, შემომატებულ დეპუტატებს მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება. ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა, თქვენ ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 5.... და იქნებ მოინიშნოთ. ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?!", – მიმართა წულუკიანმა ელისაშვილს.

ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელმა ლევან იოსელიანმა, რომელიც ასევე შევიდა პარლამენტში, თეა წულუკიანს არა ნიკა გვარამიას, არამედ მისი პირადი ნომერის ხმამაღლა გაჟღერებისკენ მოუწოდა.

„მოქალაქეებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.

სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

2 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები