"ევროპელი სოციალისტები" "ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის გაფორმებულ მემორანდუმს უერთდებიან

02-02-2021 14:33:35 საშინაო პოლიტიკა

"ევროპელი სოციალისტები" "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის გაფორმებულ მემორანდუმს უერთდებიან.ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წევრმა ფრიდონ ინჯიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ შევუერთდით იმ მემორანდუმს რომელსაც ხელი მოეწერა "ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის, არის იქ საკითხები, რომელსაც ალბათ ჩვენ შემდგომში ერთად გავივლით", – განაცხადა ინჯიამ.

„მოქალაქეებმა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა, რიგგარეშე არჩევნების, საარჩევნო რეფორმის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საერთო მოთხოვნას შეუერთდა და მონაწილეობდა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, "მოქალაქეების" ლიდერების თანახმად, "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.

სხვა ოპოზიციური პარტიები "მოქალაქეების" ლიდერებს "ქართული ოცნების" სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

2 თებერვალს "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები