Accentnews.ge
„ასაკოვანთა ჩხუბი იქნებოდა მაგარი საყურებული, მე და განკაცებული ბურჯანაძე“

„ასაკოვანთა ჩხუბი იქნებოდა მაგარი საყურებული, მე და განკაცებული ბურჯანაძე“

02/02/2021 16:49:10 პოლიტიკა

ასაკოვანთა ჩხუბი იქნებოდა მაგარი საყურებული, მე და განკაცებული ბურჯანაძე, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

ამ კომენტარით ვოლსკი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს პასუხობს.

ბურჯანაძემ 2 თებერვალს მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა:

„გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა; არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, ძალადობისკენ, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი რომ ვიყო, კაცი რომ ვიყო, პირდაპირ გეუბნებით, ვცემდი. ივერი მელაშვილი, 60 წელს გადაცილებული კაცი, რომელიც ციხეში იჯდა, რომელიც აბსოლუტურად არაფერ შუაშია იმ უბედურებასთან, რაც დააბრალეს; ძალიანაც რომ სდომოდა მიწების გაყიდვა, ამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა და ვერაფერს გააფუჭებდა – რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, ოთხი თვე რომ ციხეში იჯდა, ვიღაცამ სპეციალურად მიიყვანა მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან. აღარ მეგონა, 30 წლის თავზეც ასეთ საზიზღრობებს თუ ვნახავდი“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ფორმულას“ ეთერში.

მანამდე ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება, დამოკიდებულება, ემოციების შეჯახება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა – ადამიანები, მიწათამზომველები არიან თუ არ არიან სპეციალისტები და გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, საზოგადოებას უნდა წარუდგინო და ხშირად ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდებიან, იქნებ, მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ – ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მელაშვილის მიმართ საზოგადოებრივი განწყობის შესაქმნელად მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს, რომელშიც ხელისფლებასთან დაკავშირებული პირები არიან ჩართულნი. დასტურად ელენე ხოშტარიამ 100–მდე სქრინი მოიპოვა.

იხილეთ ასვეე:სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მელაშვილზე სიტყვიერ თავდასხმის ინციდენტით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

კარტოგრაფების საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა გასულ წელს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S