Accentnews.ge
დიმიტრი ცქიტიშვილი: „ოპოზიციამ მნიშვნელოვანი რესურსი გაფლანგა“

დიმიტრი ცქიტიშვილი: „ოპოზიციამ მნიშვნელოვანი რესურსი გაფლანგა“

02/02/2021 17:15:00 ანალიზი

51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების არშეწყეტასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას სწორად აფასებს მე–9 მოწვევის პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ფიქრობს რა, რომ მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნის დაკმაყოფილება კეტავდა გზას სამომავლო დიალოგისთვის.

„მესმის, ოპოზიცია ამბობს, „არ შევალ პარლამენტშიო“, მაგრამ ჩანს, რომ რიგ პოლიტიკოსებში გაჩნდა განსხვავებული სურვილი. ამდენად, დიალოგის შენარჩუნებისთვის „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება სწორი მგონია. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ დიალოგი არ შედგეს“,– ამბობს „აქცენტთან“ ცქიტიშვილი.

აქვე ცქიტიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის სახით მოქმედების არასწორი სტრატეგია აირჩია და მნიშვნელოვანი რესურსები „გაფლანგა“. კერძოდ, როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, კონსოლიდირებულ ოპოზიციას მე–10 მოწვევის პარლამენტში სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით ექნებოდა მნიშვნელოვანი ბერკეტები ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოსაქცევად. თუმცა, ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ შიდა დაპირისპირებამ, არათანმიმდევრულობამ ოპოზიციაში ერთიანობის ძირითადი მუხტი გაფლანგა, საზოგადოებაში კი შედარებით ახალი და პატარა პარტიების მიმართ განწყობები კიდევ უფრო უარყოფითად შეცვალა:

„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი აიღოს, რადგან ხმების უმეტესობა დაიკარგება. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ ბოიკოტი სწორი გზაა“.

რაზე დებს ფსონს „ქართული ოცნება“

ცქიტიშვილის დაკვირვებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვიდა:

„ოპოზიცია არჩევნების შემდეგ რომ შესულიყო პარლამენტში, ვფიქრობ, თავად იქნებოდა გამარჯვებული: „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში კონსოლიდირებულ ოპოზიციასთან დაპირისპირება ძალიან გაუჭირდებოდა, მით უფრო, რომ უმრავლესობაში საპარლამენტო ცხოვრების კუთხით ძალიან ბევრი გამოუცდელი დეპუტატია განსხვავებით ოპოზიციისგან.

ახლა კი, ოპოზიცია პარლამენტში რომც შევიდეს, ისეთი ძლიერი ვეღარ იქნება. მეორეს მხრივ – ოპოზიციაში განხეთქილებაა და ეს ხელისუფლებას აძლიერებს. ამდენად, ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ ეტაპობრივი გამარჯვება სწორედ ოპოზიციის ბოიკოტით მიიღო“.

ცქიტიშვილის აზრით, აღნიშნული პროცესი დემოკრატიის კონსოლიდაციას არ უწყობს ხელს, თუმცა არც დრამატული შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს:

„2020 წლის არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ არა ყველაზე უარესი, რაც ამ ქვეყანაში ჩატარდებულა. მსგავსი პარლამენტი გვქონდა 2008 წელს, როდესაც ოპოზიცია ნომინალურად იყო წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ეს ქართული დემოკრატიის დონისთვის განსაკუთრებულ პრობლემად არ შეფასებულა. ამრიგად, დღეს ჩვენ დემოკრატიის თვალსაზრისით პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ არ შეიძლება, ითქვას, რომ ქვეყანაში დემოკრატია მოიშალა. უბრალოდ, მას ძალიან გააძლიერებდა 60 ოპოზიციონერი პარლამენტში – ძლიერი მონიტორინგი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, რაც ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა“,– ამბობს ცქიტიშვილი და დასძენს, რომ ხელისუფლების შემაკავებელი ფაქტორი ვერ იქნება არც თუ მძლავრი პროტესტი ქუჩაში და ვერც პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით წარმოდგენილი 6 დეპუტატი.

საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია

ცქიტიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ ოპოზიციისადმი მიმართვაზე ამახვილებს ყურადღებას და კრიტიკის ტონის გამწვავებას არ ელის.

ცქიტიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ სადღეისოდ პარლამენტი არაა ერთპარტიული, მიუხედავად იმისა, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი ექვსი დეპუტატი რა ხარისხით შეასრულებს ოპოზიციის ფუნქციას:

„ცალსახა მოწოდება იყო, რომ პარლამენტში გადაეტანათ პოლიტიკური პროცესები. ეს უფრო სწორი და რაციონალური იქნებოდა. ქართულ ოპოზიციასაც და საზოგადოებას წაადგებოდა, ძლიერი საპარლამენტო კონტროლის ქვეშ ყოფილიყო ხელისუფლება.

რა თქმა უნდა, იქნება პროცესი, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის – საარჩევნო სისტემის ცვლილებაში, რისი საჭიროებაც გამოჩნდა, მაგრამ ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის ფუნქციას ვერ შეასრულებენ. ამდენად, ვფიქრობ, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, იმისდა მიხედვით, როგორ მოიქცევა სახელმწიფო, შეფასებები არაერთგვაროვანი იქნება. გამოდის, რომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო ცდილობს, მეტი ანგარიშვალდებულების ქვეშ ამყოფოს ხელისუფლება, რაც ბუნებრივია, მათი პირდაპირი ფუნქცია არ არის და ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, ოპოზიციის ფუნქციასაც კი ითავსებენ – შემაკავებლის, დამაბალანსებლის“.

რა გზა რჩება ოპოზიციას

ცქიტიშვილი ფიქრობს, შექმნილ ვითარებაში საარჩევნო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე კონცენტრირება საჭირო, რათა დემოკრატიულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით შეხვდეს ქვეყანა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს და მაქსიმალურად მიექცეს ყურადღება საარჩევნო პროცესს.

„შესაძლებელია, ეს პროცესის განმუხტვის საშუალება გახდეს. მაგრამ ამისთვის ვფიქრობ, პარლამენტში შესვლაა აუცილებელი: მესმის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დისკრედიტირებულია, არც მე ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ადგენს ხარვეზებს, თუმცა მე–10 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას აძლევს“.

ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დემოკრატიის სტანდარტებისადმი მოთხოვნების ზრდის მოლოდინი

მსგავს მოლოდინს იზიარებს ცქიტიშვილიც და გარკვეულ ცვლილებებსაც ელის:

„საელჩო ძალიან აქტიურად არის ჩართული შიდა პროცესებში – მხარს უჭერს შიდა დემოკრატიის განვითარებას. ამ კუთხით შეიძლება, გამოიკვეთოს ახალი საკითხები, მეტი აქცენტით ადამიანის უფლებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ზოგადად საქართველოს და რეგიონის მიმართ მეტი ყურადღება იქნება. ბაიდენის ხედვები უფრო ევროკავშირისა და აშშ–ის თანამშრომლობას უკავშირდება – ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ საკითხებს და ვფიქრობ, ამ ნაწილში გამოიკვეთება უფრო მკაფიო, კონკრეტული ხედვა, როგორ ხედავენ საქართველოსთან ურთიერთობას. ვფიქრობ, პოზიტიური ცვლილებებისკენ უნდა წავიდეთ. ამ შემთხვევაში, რაც უფრო დემოკრატიულ ნაბიჯებს გადადგამს ქვეყანა, მეტი მხარდაჭერა იქნება, რაც – ნაკლებს, შესაბამის მხარდაჭერასაც მიიღებს“.

რეგიონის მოვლენები შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა

„სამწუხაროდ, სამეზობლო პოლიტიკა ბოლომდე ფორმირებული არ იყო, მით უმეტეს, ახალ მოცემულობაში, როდესაც სტატუს–კვო შეიცვალა. ვიღაცისთვის ეს შესაძლოა, სამშვიდობო პროცესია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახალი სტატუს–კვოა, რომელიც ახალ რეალობას ქმნის და საბოლოოდ როგორ ფორმას მიიღებს სომხურ–აზერბაიჯანული ურთიერთობები, არ ვიცით. ცალსახად კარგია, რომ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ მსგავს არაორდინალურ ვითარებაში უნდა გვქონდეს განახლებული ხედვები, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას მეზობლებთან. ხედვების განახლებას ინტენსიური მუშაობა სჭირდება, რათა პროცესებში საქართველოს როლი მკაფიოდ გამოვკვეთოთ. ეს უსაფრთხოების საკითხებთანაა კავშირში და ბუნებრივია, ყველაფერი ღიად არ ითქმის, მაგრამ ამ საკითხებზე საგარეო პოლიტიკური ჯგუფის დისკუსიებს მაინც უნდა ვხედავდეთ. მსგავსი დისკუსიის დეფიციტი მქონდა მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებამდეც: სამეზობლო პოლიტიკას მეტი ყურადღება სჭირდება. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის შუაგულში, სამეზობლო პოლიტიკაზე მეტი ძალისხმევაა გასაწევი.

ბუნებრივია, ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტია, მაგრამ ეს ყველაფერი სამეზობლო პოლიტიკის გარეშე რთულად წარმოსადგენია. საგარეო პოლიტიკა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ–ერთი მექანიზმია და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ნაკლებად იყო აქ ჩვენი აქტივობა, ვგულისხმობ ბოლო რამდენიმე წელს: შეიძლება, ვთქვათ, რომ უფრო რუტინულ პოლიტიკას ვახორციელებთ – დინებას მივყვებით“, –ფიქრობს ცქიტიშვილი და დასძენს, რომ მეტი პროაქტიულობაა საჭირო:

„შესაძლოა, ვიღაცის არჩევანი იყოს, რომ პროცესებს რუტინულად მივყვეთ, „ისედაც კომპლექსურია ვითარება და კიდევ უფრო არ გავართულოთ ჩვენი მდგომარეობაო“ – ეს სადავო საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის საკითხი, რომელზეც საგარეო ურთიერთობათა სპეციალისტები, დიპლომატები, ხელისუფლება, ოპოზიცია, ექსპერტები ინტენსიურად უნდა მსჯელობდნენ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S