
თალაკვაძე ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციისა და თავდაცვის კოდექსის მიღებას აანონსებს
03/02/2021 10:23:58 პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციისა და თავდაცვის კოდექსის მიღებას აანონსებს. ამის შესახებ მან პარლამენტის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
“აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, პარლამენტი გეგმავს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას, რომელშიც პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის, კიბერსაფრთხეების, ანტიდასავლური პროპაგანდისა და ინფორმაციული ოპერაციების საპასუხოდ ეროვნული შესაძლებლობებისა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერება”, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პარლამენტი გეგმავს, მიიღოს თავდაცვის კოდექსი, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და თავდაცვის ძალების მართვის ეფექტურობას გააუმჯობესებს.