პოლიციამ პრეზიდენტის სასახლესთან „ქართული მარშის“ ორი წევრი დააკავა
03/02/2021 11:22:54 სამართალი, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ „ქართული მარშის“ ორი წევრი დააკავა.
„ქართული მარშის“ წევრებმა აქციაზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები გააპროტესტეს და იგი გარეჯის „დროებით დაკარგვაში“ დაადანაშაულეს.
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის 10 წუთი მოითხოვეს. 10 წუთის გასვლის შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლის ჭიშკარზე ბოქლომის დაკიდება სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების შედეგად დაკავებულ ორ აქტივისტს შორისაა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბედავა.
პოლიციამ „ქართული მარშის“ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული დაჯარიმებას ან 15 დღემდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


