ქუთაისის მერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ
05/02/2021 08:26:38 პოლიტიკა, სამართალი
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძარაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ შუშანიამ მიმართა.
მისი განცხადებით, ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის 2017 -2019 წლების საქმიანობის შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიში შეიცავს სავარაუდო კორუფციის და თანხის გაფლანგვის ფაქტებს, რაზეც ქალაქის დღევანდელმა მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.
შუშანიას შეფასებით, მერის წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშულის დაფარვის მოტივით. „თუ სამსახურმა ისევე ისე გააგრძელა მუშაობა, ქუთაისელები დარჩებიან მოუგვარებელი პრობლემების წინაშე, ჯიბეებს გაისქელებენ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები და შეივსება პარტიული ყულაბა“, - განაცხადა გრიგოლ შუშანიამ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა შიდა აუდიტის დასკვნა 2 თებერვალს გაასაჯაროვა და რეაგირებისკენ მოუწოდა ქუთაისის მერად 2020 წლის ოქტომბერში არჩეულ იოსებ ხახალეიშვილს, რომელიც მანამდე იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იყო.
შიდა აუდიტის დასკვნით, რომელიც მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზაციულ-სამართლებრივ მუშაობას და სახელმწიფო შესყიდვებს ეხება, ზოგიერთ შემთხვევაში გაურკვეველია, რა სამუშაო ჩატარდა სხვადასხვა ობიექტზე, ან რატომ დაიხარჯა ერთნაირი პროექტებისთვის სხვადასხვა თანხა.
მაგალითად, 2017 წელს მერიის ამ სამსახურმა შეიძინა 80 ათასი ლარის ღირებულების 310 ძელსკამი, 55-ზე გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი კონკრეტული ადგილსამყოფლის მითითებით, სხვა შემთხვევებში კი, მიმწოდებელსა და საბინაო სამსახურს შორის გაფორმდა მხოლოდ ზოგადი ხასიათის აქტი და კონკრეტულად სად დამონტაჟდა შესყიდული სკამები მითითებული არ არის.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შიდა აუდიტის დასკვნაში აღწერილია არა კორუფციული ფაქტები, არამედ ხარვეზები, რომლებიც სამსახურმა სპეციალურად დადგენილი გრაფიკით უნდა გამოასწოროს.


