
გახელაძეს 12,5–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
05/02/2021 09:00:01 კონფლიქტები
ოკუპანტთა მიერ დაჭრილი და უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესის დასკვნითი ნაწილი, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს, ცხინვალში დასრულდა: ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყველაფერი კეთდება გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად:
„აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და მისი უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე.
ზაზა გახელაძის მიმართ, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას. ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“.