
რატომ უქმნის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს საფრთხეს ჩეჩენი დევნილის შეფარება?
05/08/2019 10:18:21 საზოგადოება
ჩეჩნეთიდან გამოქცეულ ახალგაზრდა ბიზნესმენ ტუმსო აბდურახმანოვს საქართველომ თავშესაფარზე უარი უთხრა. და ეს – იმის მიუხედავად, რომ იგი ლტოლვილის სტატუსის მისაღებად საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამის დასკვნაშია დადასტურებული. როგორც ირკვევა, მის საქმეზე ზეგავლენა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის პოზიციამ მოახდინა, რომლის თანახმად, აბდურახმანოვის ქვეყანაში ყოფნა სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
როგორც თავშესაფრის მაძიებლის იურისტი ნინო ქურდაძე განმარტავს, მსგავი დასკვნისთვის ინფორმაციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან იღებს და მას სამინისტროს გარდა, მხოლოდ მოსამართლე ეცნობა, თავად მოსარჩელისთვის კი მისი შინაარსი უცნობი რჩება. მისივე განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
აბდურახმანოვმა საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით საქალაქო სასამართლოს მიმართა. ჩეჩენმა ახალგაზრდამ მოითხოვა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება ბათილად იქნას ცნობილი და ამ უწყებას მისთვის სტატუსის მინიჭება დაევალოს. სასამართლომ კი მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მოსარჩელისთვის გაუგებარია, რით იყო მოტივირებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და გეგმავს, სამართლებრივი დავა აპელაციის გზით განაგრძოს. ამასთან, აბდურახმანოვისთვის გაუგებარია, კონკრეტულად რით უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს მისი ქვეყანაში ყოფნა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქნა უნდა, არ ვეთანხმები, რადგან იგი ეწინააღმდეგება ევროკონვენციას. ვაპირებ, იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრო. ვფიქრობ, სასამართლოს მოტივაცია წერილობით გადაწყვეტილებაში იქნება წარმოდგენილი. ჯერ-ჯერობით კი ნათელი ისაა, რომ სასამართლომ გაიზიარა ქართული სპეცსამსახურების აზრი, თითქოს ჩემი ამ ქვეყანაში ყოფნა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინეტერსებს. არანაირი მინიშნებაც კი იმაზე, თუ რაში გამოიხატება ეს წინააღმდგობა, არ ყოფილა“,– განუცხადა „აქცენტს“ აბდურახმანოვმა.
მას შემდეგ, რაც სასამართლო მოსარჩელე მხარეს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს გააცნობს, სამართლებრივი დავა გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში, ვინაიდან აბდურახმანოვი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსს ინარჩუნებს და ქვეყანაში ლეგალურად იმყოფება, სახელმწიფოს მისი გაძევების ან ექსტრადაციის უფლება არ აქვს. ხოლო სამართლებრივი პროცედურების ამოწურვის შემდეგ, თუ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ისტანციის გადაწყვეტილება (მსგავსი ტიპის სარჩელებზე ბოლო ინსტანცია სააპელაციო სასამართლოა), აბდურახმანოვს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 90 დღის ვადაში ქვეყნის დატოვება მოუწევს. ქვეყნიდან გასვლისა და ხელახლა შემოსვლის შემდეგ აღნიშნული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება, თუმცა საეჭვოა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ აბდურახმანოვი საქართველოში ისევ შემოუშვან.
ისმის კითხვა: საშიშროების რეალურად არსებობის შემთხვევაში თავის დროზე რატომ მისცეს ჩეჩენ ახალგაზრდას ქვეყანაში შემოსვლის უფლება? აქ თავისთავად ჩნდება ეჭვი საქართველოს და რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.
მართალია, ჩეჩნეთის ხელისუფლება ახალგაზრდას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ადანაშაულებს, თუმცა თავად თვლის, რომ «მხოლოდ მსვერპლია, კადიროვის რეჟიმს რესურსი ამოეწურა და შედეგების ჩვენება სურდა». ფაქტი ისაა, რომ ყველაფერი წვერის სიგრძის გამო დაიწყო.
ახალი ამბების სააგენტო „აქცენტი“