Accentnews.ge
საქართველოს შეუძლია, გახდეს პლატფორმა აფხაზეთსა და თურქეთში მცხოვრები აფხაზების ურთიერთობისთვის

საქართველოს შეუძლია, გახდეს პლატფორმა აფხაზეთსა და თურქეთში მცხოვრები აფხაზების ურთიერთობისთვის

05/02/2018 11:59:29 ანალიზი

თურქეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში ჩერქეზეთისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც სხვა კავკასიელ ხალხებთან ერთად საქართველოც იყო წარმოდგენილი 4-კაციანი დელეგაციით. მის შემადგენლობაში კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე, საქართველოში არსებული ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მერაბ ჩუხუა, ჩერქეზული კულტურის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ნუგზარ ანთელავა და თსუ–ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინა ბარამიძე შედიოდნენ.

მიღებულ შთაბეჭდილებებზე „აქცენტს“ კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ესაუბრა.

„მოხსენებები ძირითადად კულტურული და ენათმეცნიერული იყო. აშკარად გამოჩნდა საქართველოს კავკასიური სკოლის საკმაოდ მაღალი დონე. ეს ფაქტი ადგილობრივებმაც აღნიშნეს. საკუთარ მოხსენებებშიც კი ისინი ეყრდნობოდნენ ისეთი ქართველი ავტორების ნაშრომებს, როგორებიც არიან გიორგი როგავა, არნოლდ ჩიქობავა და სხვები. თავად ღონისძიება მიძღვნილი იყო გიორგი როგავასა და ზეინაბ კერაშოვას ერთობლივი წიგნისადმი „ჩერქეზული ენის გრამატიკა“. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ ის ჩერქეზებიც, რომლებსაც პირადად არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით აქვთ მიღებული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულსაც ფლობენ და ზოგადად, ძალიან თბილად იყვნენ განწყობილები საქართველოს მიმართ“,– ამბობს კავკასიოლოგი.

კვახაძის თქმით, ღონისძიების ორგანიზატორები მაქსიმალურად შეეცადნენ, პოლიტიკური კონტექსტი თავიდან აერიდებინათ, თუმცა პირად საუბრებში მონაწილენი მას ვერ გაექცნენ:

„თურქეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობამ, რომელიც თვითმფრინავების ჩამოგდებას მოჰყვა, ძალიან ბევრი ჩერქეზი დააფრთხო და გადააფიქრებინა თურქეთში ჩასვლა, ბევრს დაემუქრნენ კიდეც. სტრუმრები მაქსიმალურად ერიდებოდნენ პოლიტიკურ თემებზე საუბარს. თავის მხრივ, ორგანიზატორებიც ეცადნენ, ღონისძიება აპოლიტიკური ყოფილიყო. მაგალითად, დასკვნით ღონისძიებაზე ჩერქეზული ლექსები წააკითხეს დუჯის უნივერსიტეტის ჩერქეზული ენის კათედრის სტუდენტებს და ერთ–ერთი ლექსიდან ის მონაკვეთი ამოიღეს, რომელშიც რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა იყო გაკრიტიკებული. მათ ამ დონეზეც კი გაითვალისწინეს თითოეული ნიუანსი, თუმცა პირად საუბრებში, განსაკუთრებით თურქეთში მცხოვრები ჩერქეზები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მიმართ. ისინი აცნობიერებენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ასიმილაციურ პოლიტიკას ატარებს“.

გარდა ამისა, კვახაძის თქმით, პირად საუბრებში ჩერქეზები უკმაყოფილებას არც აფხაზების მიმართა მალავენ, რომლებსაც «კავკასიაში რუსეთის ინტერესების მთავარ გამტარებლებად» მიიჩნევენ.

ამავდროულად, მისი ინფორმაციით, ისინი საქართველოს ემადლიერებიან, რომ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა (2011 წ.).

პატარა კავკასია თურქეთში

კავკასიელი ხალხების დიასპორების სიდიდის თვალსაზრისით თურქეთი ლიდერობს. სხვადასხვა მონაცემებით, თურქეთში დაახლოებით 1 მილიონამდე ჩერქეზი ცხოვრობს, 300 000–მდე ქართველი, ლაზების ჩათვლით კი მათი რაოდენობა ნახევარ მილიონს აღემატება. გარდა ამისა, თურქეთში 150–200 000–მდე აფხაზი, 50 000–მდე ჩეჩენი, 100 000–მდე ; დაღესტნელი და 5 000–მდე ყარაჩაელი სახლობს.

„დუჯის პროვინციაში 25 სხვადასხვა ეთნოსი ცხოვრობს, მათ შორის - კავკასიის ხალხებიც და ამ მრავალეთნიკურ ტერიტორიას «თურქეთის გაერთიანებული ერების პროვინციასაც» უწოდებენ. ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ დუჯში კავკასიელები ერთად ცხოვრობენ, არის შერეული ოჯახები, მათ შორის - ქართველებისა და აფხაზების. ისინი აცნობიერებენ, რომ კავკასიაში არსებული რეალური პრობლემების სათავე რუსული პოლიტიკაა, რომ ასეთივე კეთილმეზობლური და მშვიდობიანი ურთიერთობები უნდა იყოს მთელს კავკასიაში და ამ ერთიან, მშვიდობიან რეგიონში საქართველოს ერთ–ერთ მოწინავე როლს აღნიშნავენ.

ადგილობრივები აფასებენ, რომ ქართულმა სამეცნიერო სკოლამ დიდი წვლილი შეიტანა ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების კულტურის შესწავლაში. მაგალითად, ქალბატონმა თინა ბარამიძემ დუჯის უნივერსიტეტს გადასცა საქართველოში გამოცემული 30–მდე სხვადასხვა წიგნი აფხაზების, ჩეჩნების, ჩერქეზების და სხვა კავკასიელი ხალხების შესახებ. ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და საერთო კმაყოფილება გამოიწვია“,– ამბობს კავკასიოლოგი.

„აქცენტთან“ საუბრისას კვახაძე ერთ საინტერესო ეპიზოდს იხსენებს, რომელშიც აფხაზი ახალგაზრდა ფიგურირებს:

– უკვე უკან ვბრუნდებოდით, ველოდებოდით ტრაპიზონის ავტობუსს და ერთმანეთში ვსაუბრობდით. ამ დროს ერთი ახალგაზრდა გამოგველაპარაკა, რომელიც აფხაზი, გვარად გაბლია აღმოჩნდა, თან დედა ახლდა. გვითხრა, რომ მისი ნათესავია თურქეთში მოღვაწე ცნობილი აფხაზი ბიზნესმენი, რომელიც, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, 90–იან წლებში ძალიან აქტიურად ეხმარებოდა აფხაზებს, სეპარატისტულად განწყობილთ თანხებით უზრუნველყოფდა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით და მაქსიმალურად ვცდილობდით, პოლიტიკისთვის თავი აგვერიდებინა. აღფრთოვანებული დარჩა, როდესაც უნივერსიტეტში ნასწავლი რამდენიმე აფხაზური ფრაზა და ლექსი ვუთხარი. თავად ფოლკლორული ცეკვების მასწავლებელი გახლდათ. როგორც აღნიშნა, სუხიშვილების ანსამბლისგან მრავლად ჰქონდა ილეთები ნასწავლი. საუბრის დასასრულს თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის პოლიტიკური ვითარება დაძაბულია, მსგავსი დაძაბულობა თურქეთში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს შორის არ შეინიშნება. უფრო მეტიც, თურქეთში არის შერეული სოფლები, სადაც ქართველები და აფხაზები ცხოვრობენ, ხშირია შერეული ქორწინებებიც. მომავალი, ბუნებრივია, ქართველებისა და აფხაზების მეგობრობისაა და ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფიო“. ის შეიძლება, იზიარებდეს სეპარატისტულ პოზიციებს, მაგრამ ის გარემოება, რომ ჰუმანიტარული ურთიერთობის წინააღმდეგი არაა, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის პოლიტიკური ვითარება დაძაბულია, თურქეთში მცხოვრებ ქართველებსა და აფხაზებს შორის მსგავსი დაძაბულობა არ შეინიშნება...“.

სხვათა შორის, ჩერქეზებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა, როდესც ვუამბე, როგორ ჩამოდიან აფხაზები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ, საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად. ამის შესახებ ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ და ჩემი ნაამბობით ფრიად გაკვირვებულნი დარჩნენ.

ვთვლი, რომ ქართულმა სახელმწიფომ თურქეთში მცხოვრები კავკასიელი ხალხების დიასპორებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით მეტი უნდა გააკეთოს. კერძოდ, მათ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პროგრამებს ახორციელებს ოფიციალური თბილისი ამ მიმართულებით, რა ძვრებია და რა მიმართულებით მიდის მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იქ მცხოვრებ ხალხებთან მიმართებაში. სადღეისოდ ისინი არ არიან ინფორმირებულნი, რაც კომუნიკაციის ნაკლებობაზე მეტყველებს.

90–იან წლებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო პასიური იყო ამ მიმართულებით, რუსული სპეცსამსახურების ხელშეწყობით ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან, მაგალითად, სერგეი შამბა, ვიაჩესლავ ჩირიკბა, სტანისლავ ლაკობა, სისტემატიურად დადიოდნენ თურქეთში ჩერქეზულ, აფხაზურ და სხვა სოფლებში და ფაქტობრივად, წამლავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას ანტიქართული პროპაგანდით. ახლა ამ მწარე გამოცდილებაზე უნდა ვისწავლოთ და გავაძლიეროთ მუშაობა კავკასიელი ხალხების დიასპორებთან. რაც მთავარია, საქართველოს შესახებ უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, უნდა დავანახოთ, რომ საქართველო არ არის ფაშისტური ქვეყანა, როგორც ამას რუსეთის პროპაგანდა წარმოაჩენს, ყველაფერი პირიქითაა და თუ ჩრდილოეთ კავკასიელებს გადარჩენა სურთ, ერთადერთი გზა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობაა.

«უნდა დავანახოთ კავკასიელი ხალხების დიასპორებს, რომ საქართველო არ არის ფაშისტური ქვეყანა, როგორც რუსეთის პროპაგანდა წარმოაჩენს, ყველაფერი პირიქითაა და თუ ჩრდილოეთ კავკასიელებს გადარჩენა სურთ, ერთადერთი გზა საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობაა.

თურქეთის ქართული დიასპორა მაქსიმალურად ცდილობს ენისა და კულტურის შენარჩუნებას. სამწუხაროა, რომ 30 წელზე ნაკლები ასაკის ახალგაზრდები არ ფლობენ მშობლიურ ენას და ეს მათ ძალიან აწუხებთ. უნდათ, რომ არსებობდეს ქართული ცეკვების კურსები, მაგრამ საქართველოდან მასწავლებლის ჩაყვანა ვერ შეძლეს. საბედნიეროდ, დუჯის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი პროფესორები და მოხალისეები უფასო კურსებს ატარებენ და ამ მხრივ გარკვეული ძვრებიც არის, თუმცა ქართულმა სახელმწიფომ, განსაკუთრებით კი იმ სტრუქტურამ, რომელსაც დიასპორებთან მუშაობა ევალება, მეტი უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, მსგავსი აქტივობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჯერ არ შეიმჩნევა.

– მოთხოვნას ადეკვატურად ვერ ვპასუხობთ?

– აშკარაა, რომ მათ მეტი სურვილი აქვთ ჩვენთან კონტაქტის, ვიდრე სადღეისოდ გვაქვს. ქართული დიასპორების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კონტაქტები შენელებულია. ასეთი რამ თქვეს: „ჩვენ ფული არ გვაინტერესებს, უფრო ინტენსიური ურთიერთობა გვჭირდება, ჩამოვიდეს რაც შეიძლება, მეტი ადამიანი, რომელიც ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებაში დაგვეხმარებაო“.

არც სხვა დიასპორებთან მიმდინარეობს სათანადო მუშაობა. მაგალითად, მე ვარ სამეცნიერო წრის წარმომადგენელი პირველი ქართველი, ვინც ჩავიდა დუჯში არსებულ ჩერქეზულ სოფლებში. ეს მოხდა 2014 წელს. ეს ვიზიტი საკუთარი ხარჯებით უზრუნველვყავი და მოვიარე ძალიან ბევრი ჩერქეზული სოფელი, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარი ინიციატივით მოხდა და არა სახელმწიფოს დახმარებით.

«საქართველოს ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი კავკასიური პოლიტიკა, რაც უარყოფითად აისახება ეროვნულ ინტერესებზე»

ეს მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტი თურქეთში მცხოვრები კავკასიური დიასპორები და ზოგადად კავკასიური პოლიტიკა, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე.

– ანუ ურთიერთობები ინერციით გრძელდება და არა ჩვენი დიპლომატიური უწყების თუ სხვა შასაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობითა და ჩართულობით?

– დიახ, ეს ურთიერთობები ინერციით ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან მათ მრავალწლიანი თანაცხოვრების გამოცდილება აქვთ, მაგრამ როდესაც ქართული მხარე პასიურობს, არ პასიურობენ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები და სეპარატისტულად განწყობილი აფხაზების დახმარებით აწყობენ პროვოკაციებს. მაგალითად, დუჯში სოფლებს შორის გამართულ ერთ–ერთ საფეხბურთო მატჩზე, რომელშიც აფხაზურმა სოფელმა გაიმარჯვა, აფხაზეთიდან ჩასულმა სეპარატისტებმა დემონსტრაციულად სცადეს მათი დროშის აღმართვა, რაც პარლამენტის დეპუტატმა აღკვეთა, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა. მან თავად შეუშალა ხელი დროშის გამოფენას, რასაც დიპლომატიური სკანდალი მოჰყვებოდა.

მსგავსი პატარ–პატარა ინციდენტებით ცდილობენ რუსული სპეცსამსახურები, ურთიერთობები დაძაბონ და უფრო გაარღმავონ დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართული სახელმწიფო კი მას არაფერს უპირისპირებს. არანაირი კონტრზომები არ არის მიღებული. თუ აფხაზურ და ქართულ დიასპორებს შორის ურთიერთობას აქტიური მხარდაჭერა არ ექნება, ინერციით ეს პროცესი დიდხანს ვერ გასტანს, ურთიერთობები გაუარესდება.

«როდესაც ქართული მხარე პასიურობს, არ პასიურობენ რუსული სპეცსამსახურები და სადღეისოდ დიასპორებში არსებული მეგობრული ურთიერთობები ინერციით დიდხანს ვერ გაგრძელდება»

– თავად აღნიშნე, რომ მიუხედავად ნახსენები ინციდენტებისა და ზოგადად არსებული რეალობისა, ადგილობრივი ქართული და აფხაზური დიასპორები მეტ–ნაკლებად მაინც ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას. როგორ ფიქრობ, შესაძლებელია, შესაბამისი ჩართულობის შემთხვევაში ეს დიასპორები იქცნენ ერთ–ერთ საყრდენად სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით, რომლის საჭიროებაც დღეს რეალურად არსებობს?

– 2008 წელს თურქეთში მცხოვრებ ჩერქეზებთან მისვლა წარმოუდგენელი გახლდათ, იმდენად დიდი იყო აგრესია ქართველების მიმართ. რუსული სპეცსამსახურების წყალობით ქართველებისგან შეიქმნა მტრის ხატი. მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ გაიაზრა, რომ აუცილებელია ჩრდილოეთ კავკასიელებთან და მათ დიასპორებთან ურთიერთობის დამყარება და მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები. შესაბამისად, განწყობები რადიკალურად შეიცვალა. 2011 წელს საქართველომ აღიარა ჩერქეზი ხალხის გენოციდი. დღეს ჩერქეზები ითვლებიან ქართველების მიერ კეთილგანწყობილ ხალხად და მიჩნეულნი არიან ხიდად თურქეთში ქართველებსა და აფხაზებს შორის. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო თურქეთში მცხოვრებ აფხაზებთან დაახლოება, მაგრამ ეს პროცესი გაჩერებულია.

საქართველოს შეუძლია, გახდეს ის პლატფორმა, რომლის მეშვეობით აფხაზეთში და თურქეთში მცხოვრები აფხაზები ერთმანეთთან ურთიერთობას დაამყარებენ

თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი უპირატესობა გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ: საქართველო მიიღებს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას; იყო ჩანაფიქრი, რომ „თანამემამულის მოწმობის“ ანალოგიური საბუთი, რომელიც ამჟამად ქართული დიასპორის წარმომადგენელთ და ისინი საქართველოს ტერიტორიაზე პირადობის მოწმობად იყენებენ, გაცემულიყო თურქეთში მცხოვრებ აფხაზებზეც. თურქეთსა და რუსეთს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსებმა აფხაზეთიდან პრაქტიკულად ყველა თურქული კომპანია გააძევეს და ასევე თურქეთში მცხოვრები აფხაზებიც, რომელთაც აფხაზეთთან ჰქონდათ კონტაქტი. დღეს კი მათ მოთხოვნილება აქვთ აფხაზეთში მცოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის და სწორედ აქ იკვეთება საქართველოს უპირატესობა: საქართველოს შეუძლია, გახდეს ის პლატფორმა, რომლის მეშვეობით აფხაზეთში და თურქეთში მცხოვრები აფხაზები ერთმანეთთან ურთიერთობას დაამყარებენ. ეს შესაძლებლობად აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

დიანა მუსელიანი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S