
თბილისთან თანამშრომლობის სურვილის გამო რუსეთი ბჟანიას რევოლუციას უმზადებს
05/02/2021 12:23:38 კონფლიქტები
რუსეთი მას დაქვემდებარებული მოქმედი და ყოფილი აფხაზი “ჩინოსნების” ხელით აფხაზეთში მორიგ რევოლუციას ამზადებს. დე ფაქტო ხელისუფლებაში “აქცენტის” წყაროების ინფორმაციით, თებერვლის შუა რიცხვებში სოხუმში მასშტაბური აქცია-მსვლელობაა დაგეგმილი, რომელიც, სცენარის მიხედვით, “პრეზიდენტის” სასახლის შტურმით აღებით უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ მისი “მთავრობის” შემადგენლობაში დატოვებული რამდენიმე “მინისტრი”, რომელიც ბჟანიას წინამორბედ რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერია და ხაჯიმბას გუნდის რევანშისტულ ზრახვებს ემსახურება, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად "ამღვრევს წყალს" მოსახლეობაში სხვადასხვა მიმართულებით ბჟანიას გუნდის მიმართ უკმაყოფილების გასაღვივებლად. ამავდროულად, “მინისტრების” ეს ფრთა ვეტერანთა ოპოზიციურ გაერთიანება “არუაასთან” ერთად რუსეთის პოლიტიკის გამტარებლად მოიაზრება იმის გამო, რომ წინა დე ფაქტო ხელისუფლებაში ყოფნისას კარგად მოითბო ხელი რუსეთის ფინანსური დახმარების ხარჯების საკუთარ ჯიბეებში გადანაწილებით და დიდი მონდომებით იღწვოდა აფხაზეთში მოსკოვის ანექსიური გეგმის ხორცშესხმისთვის სხვადასხვა მიმართულებით ყველა პირობის შესაქმნელად.
დე ფაქტო ხელისუფლებაში “აქცენტის” წყაროების ინფორმაციით, “მთავრობის” ხსენებულ სხდომაზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმე ლამის ხელჩართულ დაპირისპირებამდე მივიდა. პრეზიდენტმა “საბოტაჟის მცდელობაც” ახსენა და 5 “მინისტრისა” და “გენერალური პროკურორის” გადადგომა მოითხოვა. მათგან განცხადება ამ დროისთვის მხოლოდ გადასახადებისა და მოსაკრებლების დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელს აქვს დაწერილი. “გენერალური პროკურორი” კი, რომლის საკითხსაც, კანონის თანახმად, აფხაზური პარლამენტი წყვეტს, გადადგომას კატეგორიულად არ აპირებს.
სხდომაზე დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ თემას თბილისთან ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის საკითხი წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, ეს ინიციატივა ჯერ თავად დე ფაქტო პრეზიდენტმა ბჟანიამ გააჟღერა, ხოლო შემდგომში პერიოდულად აყენებს დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა. თავის მხრივ, ოპოზიციურმა “არუაამ”, კერძოდ, მის რიგებში მყოფმა ყოფილმა კორუმპირებულმა პრორუსმა ჩინოსნებმა განცხადება გაავრცელეს მუქარით, შამბას გადაყენება მოითხოვონ, თუ ის “საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხის ლობირებას არ შეწყვეტს”.
დე ფაქტო ხელისუფლებაში “აქცენტის” წყაროების ინფორმაციით, სხდომაზე “პრეზიდენტმა” ბჟანიამ განუცხადა პოლიტიკურ ოპონენტებს: “მე მებრძვით? ხელისუფლებაში დაბრუნება გსურთ? - კი ბატონო! მაგრამ პატრიოტული ლოზუნგების გაჟღერებებს შორის პაუზებში იქნებ ხანდახან აფხაზეთზეც გეფიქრათ?! და ეგებ ერთი გამოსავალი მაინც დაგესახელებინათ შექმნილ ვითარებაში, თბილისთან თანამშრომლობის გარდა?!”.