
ბურჭულაძე – ხელისუფლებას: "ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ"
07/07/2019 06:18:48 ციტატა
"ვის რაში სჭირდებით, რა გადატრიალება, თქვენ ისედაც უკვე გადატრიალებული ხართ, თქვენ თვითონ მოუწყვეთ თქვენს თავს გადატრიალება. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს არის მავნებელი მთავრობა, მაგრამ ისინი უკვე 20 ივნისის მერე დამნაშავეებად ჩამოყალიბდნენ".
ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებაზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის: პაატა ბურჭულაძე 2016 წელს საქართველოში სათავეში ჩაუდგა პოლიტიკურ პარტიას – “სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც რამდენიმე სხვა პარტიასთან ერთად შექმნა საარჩევნო ბლოკი და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. პოლიტიკაში მოსვლამდე ბურჭულაძე სათავეში ედგა ფონდ “იავნანას", რომლის ხელმძღვანელი პირების მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება 2017 წელს დაიწყო.
ბურჭულაძე პოლიტიკიდან 2016 წლის ბოლოს წავიდა, ხოლო 2017 წლის 1 ივლისიდან ის სანქტ–პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს ხელმძღვანელობს.
გასული წლის დეკემბერში პოლიტიკიდან საოპერო სცენაზე დაბრუნებულმა პაატა ბურჭულაძემ სანქტ-პეტერბურგში გამართულ იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა. კონცერტი 15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და ის მაესტრო იური ტემირკანოვის იუბილეს ეძღვნებოდა.