განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივლეს
08/02/2021 07:59:55 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში განათლების სამინისტროს უჩივლეს. როგორც უფლებადამცველ ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, უწყებას "პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტურ მართვასა და ბავშვების საჭიროებების გაუთვალისწინებლობას" ედავებიან.
"ვიწყებთ უზრუნველყოფის მოთხოვნით: სასამართლოს ვთხოვთ სამინისტროს 15 თებერვლამდე დაავალოს კონკრეტული და ეფექტური გეგმის შექმნა, რათა ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლების უფლება არ დაირღვეს ბავშვების სკოლებში დაბრუნებისას. მალევე შევიტანთ ძირითად სარჩელს. რადგან მთავრობა არ იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას სკოლების სტიქიურ და მოუმზადებელი გახსნისას, გვინდა სასამართლო სისტემა ჩაერთოს ბავშვების დასაცავად და თქვას მოსამართლემ თავის სიტყვა - რომ ბავშვების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ქვეყანაში არ დაუშვებს. დეტალი სპეციალურად იურისტებისთვის: სარჩელი და უზრუნველყოფა შეგვაქვს სპეციალური მოსარჩელეს სტატუსით, როგორც შშმ ბავშვების დამცველ ორგანიზაციას. ეს ინსტიტუტი საქართველოში პირველად 2021 წლის იანვარში ამოქმედდა, იუსტიციის სამინისტრომ პირველად მოგვანიჭა ასეთი სტატუსი და სასამართლოც პირველად განიხილავს ბავშვების უფლებების კოლექტიურ და განსაკუთრებით მძიმე დარღვევას", – წერს არღანაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 15 თებერვლიდან მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახში გააგრძელებენ. სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.


