
„ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად ექნებოდა წაგებული"
08/02/2021 09:52:45 კონფლიქტები, პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად ექნებოდა წაგებული", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თეა წულუკინმა პარლამენტში ისაუბრა, სადაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აგვისტოს ომზე ევროსასამართლს გადაწყვეტილებას განიხილავენ.
მისივე თქმით, საქმეზე მტკიცებულებების 90 და მეტი პროცენტი სწორედ 2013 წლიდან მოგროვდა.
"ჩემი მხრიდან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რამდენიმე რამის თქმა, ვინაიდან ეს მართლაც უპრეცედენტო, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომაა და როგორც ბატონმა იუსტიციის მინისტრმაც [გოჩა ლორთქიფანიძე] ბრძანა, გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ 21 იანვრის გადაწყვეტილება საკუთრივ უპრეცედენტო და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.
პირველ რიგში, მინდა, გავიხსენო 2008 წლის აგვისტოს ის დღე, როდესაც მე ვმუშაობდი სტრასბურგის სასამართლოში. ის საჩივარი, რომელზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებაც დღეს ჩვენ ვისმენთ ანგარიშს, შემოვიდა გვიან საღამოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან. რა თქმა უნდა, ეს უმძიმესი დღე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, უმძიმესი დღე იყო თითოეული იმ ქართველისთვის, რომელიც იმ დროს უცხოეთში საქმიანობდა და ცხოვრობდა. საჩივარი რომ შემოვიდა, სამუშაო დღე უკვე დასრულებული იყო. რეალურად, სულ რამდენიმე, ასე ვიტყოდი, ჩინოვნიკი თუ ვიყავით შემორჩენილი ოფისში. ასე ვთქვათ, სწორედ იმ წუთებში გაუმართლა საჩივარს, ვინაიდან რამდენიმე საათით გვიან რომ შემოსულიყო, კიდევ რამდენიმე დღე ვერ დარეგისტრირდებოდა, რადგან შემდეგ დასვენების დღეებიც უწევდა. როგორც კარგად დაიწყო ამ საჩივარმა მაშინ მოძრაობა, მე ვიტყოდი, რომ ასევე კარგად დაასრულა.
თუმცა ჩემი მხრიდან ასევე არ იქნება მართალი, თუ არ ვიტყვი, რომ საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისათვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ან თითქმის არაფერი გაუკეთებიათ. დაე, მათ ეწყინოთ და გვისაყვედურონ, მაგრამ ეს უნდა ითქვას, რადგან ამ დარბაზში სხედან ახალგაზრდები და გარეთაც არიან ის ახალგაზრდები, ვინც ამ დარბაზში რამდენიმე წელიწადში უნდა ჩაგვანაცვლონ. ეს არის ის ახალგაზრდა თაობა, რომლისთვისაც ჩვენ ვშრომობდით. ჩვენ არ ვშრომობდით რაღაცა სხვისთვის. ჩვენ ვშრომობდით, რომ მათთვის დაგვეტოვებინა სამართლებრივი დოკუმენტი და მყარი საფუძველი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელიც მანამდე უბრალოდ არ გაგვაჩნდა, მინდა, ყველამ კარგად გავიაზროთ, თუ რა მოხდა 21 იანვარს. ჩვენ პირველად შევიძინეთ სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საფუძველს უმყარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამგვარი მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩვენ მანამდე არ გვქონდა.
თუ რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ამაზე ბატონმა გოჩამ ძალიან დეტალურად ისაუბრა, მე არ შევჩერდები, ამაზე დროს არ დაგაკარგინებთ, მაგრამ, მინდა, იცოდეთ რომ, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ეს დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ექნებოდა პირწმინდად წაგებული, რადგან მტკიცებულებების 90 და მეტი პროცენტი საქმეზე სწორედ 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მოგროვდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მან შესაბამის უწყებებსა და მოწმეებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა:
„ბატონ გოჩას მინდა, მადლობა ვუთხრა, მაგრამ არ ჩამითვალოთ დროის კარგვაში და ჩამოვთვლიდი უწყებებსაც და უწყებებთან ერთად მოწმეებსაც, რადგან ის მოწმეები ერედვიდან, თორტიზიდან, გორიდან, კარბიდან, რომლებიც სტრასბურგში ჩაბრძანდნენ და თავინთ გასაჭირს ყვებოდნენ, მტკიცებულებებს ქმნიდნენ ღია სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოში, რომელსაც არასოდეს განეხილა მანამდე ომის საქმე. ეს იყო პირველი საქმე, როდესაც ორი წევრი სახელმწიფო ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამგვარი საქმე მანამდე სტრასბურგის სასამართლოს განხილული არ ჰქონია. ჩვენს მოწმეებს უპირისპირდებოდნენ რუსი მაღალჩინოსნები სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან და მათთვის უმძიმესი განსაცდელი იყო ამ სხდომაზე ყოფნა და იმის მტკიცება, რომ მათ სოფლებში ქართული ჭურვები კი არ ცვიოდა, არამედ რუსული, მაგრამ შეძლეს და ეს მათი გამარჯვებაა. ასევე, ვულოცავ და მადლობას ვეუბნები ჩვენს დევნილებს გამძლეობისთვის. მინდა, დავიწყო როგორც თქვენ ბრძანეთ, ასევე პროკურატურით. რადგან, რომ არა პროკურატურა და ასევე თითოეული პროკურორი, რომელმაც ასეულობით მოწმე დაკითხა და იუსტიციის სამინისტრო მტკიცებულებებით შეაიარაღა, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ვერ დადგებოდა. რომ არა თავდაცვის სამინისრტრო, იქნებოდა ეს აპარატი თუ მთლიანად სისტემა და გენერალური შტაბი, რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცებულებები არ გვექნებოდა. ეს კოორდინაციის სამუშაო, რაც იუსტიციის სამინისტრომ გაწია, იყო წარმატებული სწორედ იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს, მე კი ასე ვიტყოდი, თუ არა თავდაცვის სამინისტროს, აბა ვის, ყველაზე კარგად ესმოდა, თვითგამორკვევა ვერსუს ტერიტორიული მთლიანობა თუ რა დონის და რა მნიშვნელობის საკითხი იყო. ამიტომ, მადლობა მათ.
აქვე, გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ მინდა, ყოფილ თანამშრომლებს თავდაცვის სამინისტროში, ვინც ჩვენ გვეხმარებოდა, ვუთხრა მადლობა. ასევე მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და ბატონ გოჩას. ჩემს ძვირფას ყოფილ იუსტიციელ კოლეგებს, აქ მყოფებს კარგად ახსოვთ, რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ ერთ-ერთ მიტოვებულ ანგარში ვერ აღმოვაჩენდით „ისკანდერის“ პირველ ნამსხვრევებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ წამოიღო გორიდან, დაყარა და სად დაყარა, თვითონაც არ ახსოვდათ.
სწორედ სუს-ის თანამშრომლების და ყოფილი თანამშრომლების დამსახურებაა, რომ ეს აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჩვენ უკვე ის ძაფი გამოვქაჩეთ, რომელმაც უცხოეთში 800 კილო ტვირთს, ანუ დანარჩენი ჭურვის ნაწილს მიგვაგნებინა. ასევე, მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა შსს-ს. და ბოლოს იმ უწყებას, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ამ ყველაფერს აერთიანებდა და თუნდაც „ისკანდერის“ დაბრუნებაში ლომის წვლილი მიუძღვის, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ელჩები და დიპლომატიური კორპუსი. ყველას, რა თქმა უნდა, აქ ვერ ჩამოვთვლი. დღეს აბსოლუტურად სხვა სფეროში მიწევს საქმიანობა, მაგრამ ჩემს ვალად ვთვლი, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, რომელიც ვიყავით ასე ვთქვათ, ქოლგა უწყება ამ უწყებათაშორისი სამუშაოსი, გითხრათ, რომ მართლაც ვამაყობ თქვენით, ვამაყობ თითოეული უწყებით და საჯარო მოხელით, ვინც ჩვენ შვილებს დაუტოვა ის იარაღი, რომელიც ყველანაირ ბირთვულ იარაღზე უფრო ძლიერია – ეს არის 21 იანვრის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაამთლიანებს, გააერთიანებს".