
ოსური უშიშროება: “დაფიქსირებულია ამერიკული მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატის ფრენა”
09/02/2021 09:35:41 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ამერიკული მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატის დაფიქსირების შესახებ იუწყება.
«14 და 21 იანვარს სასაზღვრო ორგანოების მიერ დაფიქსირებულია ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატ Global Hawk RQ-4B-ის ფრენები. იგი საჰაერო დაზვერვას აწარმოებდა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხრეთ საზღვრებთან. უპილოტო საფრენი აპარატი ნატო-ს სიცილიის ბაზა “სიგონელადან” აფრინდა, გადაიფრინა სამხრეთ ოსეთ-საქართველოს და რუსეთ-საქართველოს საზღვრებიდან სამხრეთით, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების თავზე», – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ოსური უშიშროება უპილოტო საფრენი აპარატის ტექნიკურ მახასიათებლებსაც აქვეყნებს. Global Hawk RQ-4B-ის მაქსიმალური სიჩქარე 637 კმ/სთ-ია, მოქმედების რადიუსი - 5500 კმ დანიშნულების ზონაში 24-საათიანი ყოფნით, ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 36 სთ, ხოლო სიშორე - 22 780 კმ. დღე-ღამის განმავლობაში ამ სახეობას 200 კმ მანძილზე 138 კვ. მ ფართობის გამოსახულების მოპოვება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის შესახებ ამ დღეებში უკრაინული მედიაც იუწყებოდა. 4 თებერვალს Global Hawk-მა რუსეთის შავი ზღვისპირეთს, ყირიმის ჩრდილოეთ საღვარს გადაუფრინა, შემდეგ კი დონბასში ფრონტის ხაზის გასწვრივ აწარმოა მონიტორინგი.