შსს–ს ცნობით, დაუმორჩილებლობის მარშზე" 8 მოქალაქე დაჯარიმდა, 19-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
09/02/2021 11:29:27 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "დაუმორჩილებლობის მარშში" მონაწილე 51 მოქალაქის იდენტიფიცირება უკვე მოხდა.
უწყების ცნობით, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 8 პირი დაჯარიმდა 2000 ლარის ოდენობით გადაადგილების აკრძალვის დარღვევის ფაქტზე ასკ-ის 42 მე-10 პრიმა მუხლით.
მისივე ინფორმაციით, 19 მოქალაქის მიმართ დაწყებულია გამოძიება გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით. გარდა ამისა, 24 მოქალაქეზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც დაჯარიმდებიან 2000 ლარით.
ცნობისთვის: 6 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტებმა „დაუმორჩილებლობის მარში“ გამართეს და 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაუმორჩილებლობის მარშში“ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.


