Accentnews.ge
„რუსთავი 2“-ის წამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, არხის გენდირექტორისთვის მომხდარი მიუღებელია

„რუსთავი 2“-ის წამყვანმა პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, არხის გენდირექტორისთვის მომხდარი მიუღებელია

07/07/2019 18:55:48 სხვა, საზოგადოება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ტელეწამყავნმა მიმართვაში გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

გაბუნიას გინებას გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური მდივანი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს:

"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი აქციის წევრები ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს – და იმღერეს „პუტინ ხუილო“. [...] კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ასეთ საქციელს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სოციალურ ქსელებში. „ფეისბუკის“ მრავალი მომხმარებელი წერს, რომ გინებას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა:

"ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ დღეს, 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ "რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S