Accentnews.ge
„მეუბნებიან, „დაჯარიმდი აქციაზე ყოფნისთვისო“, სადაც არ ვყოფილვარ“

„მეუბნებიან, „დაჯარიმდი აქციაზე ყოფნისთვისო“, სადაც არ ვყოფილვარ“

09/02/2021 16:39:39 სამართალი, საზოგადოება

შსს “კომენდანტის საათის“ დარღვევის მოტივით, "დაუმორჩილებლობის აქციის" მონაწილეების დაჯარიმებას შეუდგა. აქტივისტები იუწყებიან, რომ მათ შსს–დან დაუკავშირდნენ, ნაწილს დაჯარიმების შესახებ აცნობეს, ნაწილს მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ, თუმცა ირკვევა ისიც, რომ დაჯარიმებულთა შორის აღმოჩნდნენ გადაადგილების უფლების მქონენი და მეტიც, ყურადღების ცენტრში მოექცა სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც დაუმორჩილებლობის მსვლელობისას შინ იმყოფებოდა. სწორედ ამან გააჩინა ეჭვი, რომ შსს–ში აქტიური მოქალაქეების სიები აქვთ.

„შსს გაუგებრობაშია“,– ამბობს „აქცენტთან" სამოქალაქო აქტივისტი თაკო კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე ჰყვება, შსს–ს წარმომადგენლის მიერ მის მობილურ ტელეფონზე პირველი ზარი 8 თებერვალს განხორციელდა, აცნობეს, რომ დაარღვია კარანტინის წესები, დაჯარიმებულია და დაბარებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიუხედავად აქტივისტის განმარტებისა, რომ აქციის მიმდინარეობისას შინ იმყოფებოდა:

„ვუთხარი, რომ „მისვლას არ ვაპირებდი და თუ დაჯარიმებული ვარ, მომცენ ოქმი და რომ ვაპირებ გასაჩივრებას“,– ამბობს აქტივისტი და ამის შემდეგ დაიწყო გაუგებრობა: მოგვიანებით მას ისევ დაუკავშირდნენ შსს–დან, ამჯერად აცნობეს, რომ ჯერ–ჯერობით არ არის დაჯარიმებული, თუმცა „განხილვაზე“ უნდა გამოცხადდეს დეპარტამენტში.

უკვე 9 თებერვალს საქმეში გარკვევას აქტივისტის ადვოკატი შეეცადა. ამჯერად მას განუმარტეს, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია და რომ აქტივისტმა ახსნა–განმარტება უნდა დაწეროს, რათა ჩატარდეს მოკვლევა, დაარღვია თუ არა მან „კომენდანტის საათი“.

„მარტივი კითხვა დავსვი, „სანამ ოქმს დაწერთ და მეტყვით, რომ რაღაც დავარღვიე, ხომ უნდა გაერკვეთ?“ – მიპასუხა [შსს–ს წარმომადგენელმა – რედ.], რომ გაარკვევდა. უკვე მეოთხე კომუნიკაციისას მაცნობა, რომ ჩემი ახსნა–განმარტების გარეშე ჩატარდებოდა მოკვლევა.

ვფიქრობ, რომ აქტივისტების სია ჰქონდათ. ელოდნენ, რომ აქციაზე მეც ვიქნებოდი და რადგან არ აღმოვჩნდი, გაუგებრობაში მოჰყვნენ. თუ ჯარიმას დამიწერენ, მარტივად შემიძლია, დავადასტურო, სად დავიწყე მგზავრობა, სად დავასრულე და რომელ საათზე, მაგრამ მაინტერესებს თავად სასამართლოში რა მტკიცებულებებს წარმოადგენენ?!“,– ამბობს აქტივისტი.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 6-7 თებერვლის "დაუმორჩილებლობის აქციაზე“ 51 პირი ამოიცნო. მათგან 19-ის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება;8 პირი დაჯარიმდა 2 000 ლარით; 24 პირის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და, სავარაუდოდ, ისინი 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კანონი, რის საფუძველზეც მთავრობას რეგულაციების გამკაცრების უფლება მიეცა, ანტიკონსტიტუციურია და ამის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს.

„დაუმორჩილებლობის აქციის“ მონაწილეებმა 6 თებერვალს „კომენდანტის საათი“ და სხვა რეგულაციები გააპროტესტეს.აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან გალაკტიონის ხიდის გავლით დაიწყეს მსვლელობა. მათ შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. აქციის მონაწილეებმა „დედაენის ბაღი“ 7 თებერვალს, დილის 05:00 საათის შემდეგ დატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S