“რუსეთთან დიალოგი ჩიხშია” – ბორელი მოსკოვის სანქცირების საკითხის დაყენებას გეგმავს

09-02-2021 21:18:25 ევროპა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების საკითხის დაყენებას გეგმავს. როგორც მან დღეს ევროპარლამენტში აღნიშნა, გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისაღებია, თუმცა მან შესაძლოა, “სანქციებიც მოიცვას”.

ცნობისთვის: ევროკავშირის ქვეყნების მთავარი დიპლომატები ამ საკითხს 22 თებერვალს განიხილავენ.

“რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი ჩიხში შევიდა. რუსეთის ხელისუფლება ავტორიტარული გზით მიდის, რაც შეშფოთებას იწვევს”, - დასძინა ევროპული დიპლომატიის ლიდერმა.

მოსკოვში ამასწინანდელი სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში ბორელი რუს უფლებადამცველებსაც შეხვდა და მათთან საპროტესტო მოძრაობის თემატიკა განიხილა.

გარდა ამისა, მან მოლაპარაკებები გამართა რუსეთის მთავარ დიპლომატ სერგეი ლავროვთან და საუბრისას ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების, ასევე მისი მოწამლვის საქმის ობიექტური გამოძიების საკითხიც დააყენა.

მოსკოვიდან გამგზავრებამდე ევროპელმა დიპლომატმა მოსკვორეცკის დიდი ხიდიც ინახულა, სადაც 2015 წლის 27 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ბორის ნემცოვი მოკლეს.

ევროპაში დაბრუნების შემდეგ ბორელმა რუსეთის ხელისუფლება დიალოგისთვს მზადყოფნის არქონაში დაადანაშაულა. “ლავროვთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ ევროპა და რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ. რუსეთი დემოკრატიულ ფასეულობებში ეგზისტენციურ საფრთხეს ხედავს” – განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.

რუსეთის საგარეო უწყებამ 5 თებერვალს გერმანიის, პოლონეთისა და შვედეთის დიპლომატიური წარომადგენლობების სამი თანამშრომელი პერსონა-ნონ-გრატად გამოაცხადა, რუსულმა მხარემ ისინი 23 იანვარს მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. ევროკავშირმა მოსკოვის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა, აშშ-მა, ბრიტანეთმა, ბერლინმა, სტოკჰოლმმა და ვარშავამ კი სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები