საქსტატი - 2020 წელს შსს-მ ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლი გამოავლინა, მათგან 7573 ქალია
10/02/2021 07:12:58 სამართალი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, 2020 წლის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლი და 8716 მოძალადე დააფიქსირა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთაგან 7573 ქალი იყო, 1571 კი კაცი. რაც შეეხება მოძალადეებს, მათგან 7197 კაცი იყო, 1519 ქალი.
რაც შეეხება თბილისში ოჯახში მოძალადეთა და მსხვერპლთა ოდენობას, დედაქალაქში 4203 მსხვერპლი და 3958 მოძალადე დაიდენტიფიცირდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში, ოჯახში ძალადობის როგორც მსხვერპლ, ასევე მოძალადეთა უმრავლესობა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაშია.
რაც შეეხება რეგიონებს, გასულ წელს, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი მსხვერპლი (852) და მოძალადე(849) აჭარის რეგიონში იყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.


