"მეც და ნატალიაც აბსოლუტურად უდანაშაულოები ვართ, სიმართლე გაიმარჯვებს"
10/02/2021 09:31:00 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის წინასასამართლო სხდომა დაიწყო. მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.
სხდომის დაწყებამდე ივერი მელაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მას და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულოებად ცნობს, რადგან მათ მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია.
„რა თქმა უნდა, განხილული გვაქვს ბრალდების ყველა პუნქტი და შემიძლია ვთქვა ის, რომ მეც და ნატალია ილიჩოვაც აბსოლუტურად უდანაშაულო ვართ მაგ ბრალდებაში. შესაბამისად, არ ვიცი როგორ გასტანს სასამართლო, თავის წესი და რიგი აქვს, შესაბამისად, ყველანაირად ვეცდებით და მე მგონი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. ნამდვილად უდანაშაულოები ვართ იმ ბრალდებაში, რაც წარდგენილი გვაქვს. პუნქტობრივად აქვთ ჩამოთვლილი რაღაც ბრალდებები, ყველა ბრალდება მიგვაჩნია, რომ არის აბსურდული, არარსებული ბრალდება. სიმართლე, რომ გითხრათ, მოლოდინი დიდი ხანია იმისი მაქვს, რომ, ალბათ, უდანაშაულოდ უნდა გვცნოს სასამართლომ. თავიდანვე ბრალდება მიმაჩნდა უსაფუძვლოდ, ახლაც ასეა, თუმცა იცით, რომ ციხეშიც ვიყავით და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ახლა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წერტილი დაესმება ადრე თუ გვიან ყველაფერს",– განაცხადა ივერი მელაშვილმა.
2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".


