Accentnews.ge
დეპუტატობის დილემა: „წვრილმანი უსიამოვნება“ თუ გზა საპატიმრომდე?

დეპუტატობის დილემა: „წვრილმანი უსიამოვნება“ თუ გზა საპატიმრომდე?

10/02/2021 11:06:53 ანალიზი

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება გადაიფიქრა, დეპუტატები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ: სახელმწიფო მათგან ქონებრივი დეკლარაციის შევსებას მოითხოვს. მსგავსი მოთხოვნა მიიღო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც.

„ვიღებ სპეციალური სამსახურიდან წერილს, რომ თუ ხვალ, 11 თებერვლის 18:00 საათამდე არ შევავსე ქონებრივი დეკლარაცია, არა თუ მხოლოდ დავჯარიმდები, არამედ, მიმცემენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. ციხის მუქარითაა დაგვირგვინებული ეს ნოტა.არ გაიშვას თქვენი შეშინებული“,– განაცხადა თემის კომენტირებისას შალვა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ დეკლარაციის შევსებას არ აპირებს.

ინფორმაციისთვის: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, თანამდებობის პირი ვალდებულია მოახდინოს მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებისა და ფინანსური რესურსების დეკლარირება.დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება 1998 წლიდან.

პარლამენტის წევრობის კანდიდატი ქონებრივ დეკლარაციას წარადგენს კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში; ხოლო უკვე თანამდებობის პირი – თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში. დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება პირს თანამდებობის დატოვების შემდეგაც აქვს.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. თუმცა, პასუხისმგებლობის საკითხი დაჯარიმებით არ იწურება. პირი ვალდებულია, დაჯარიმებიდან ორ კვირიან ვადაში შეავსოს დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები მიიღება.

თუმცა, საქმე იმაშია, რომ 51–მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, გაყალბებულად მიიჩნევს რა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და აღნიშნული მანდატებზე უარი განცხადებითაც დაადასტურა, თუმცა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა საპარლამენტო უმრავლესობამ, რის გამოც, მაგალითად, ზურაბ ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. მაგრამ რჩება კითხვა, მიუხედავად მოცემულობისა, მაინც რჩება თუ არა პირს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება და სამართლებრივად რამდენად გამართულია პროცესი? როგორც „აქცენტს“ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ეუბნება, მსგავსი პირდაპირი ჩანაწერი კანონში არ არსებობს, თუმცა ის დეკლარაციის წარდგენის მიზნებზე ამახვილებს ყურადღებას და მსჯელობას ამ მიმართულებით ავითარებს.

იხილეთ ასევე: ხმალაძე – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე: „არაკონსტიტუციურია“

„არსებითად, აღნიშნული ვალდებულება უკვე აღარ უნდა მოქმედებდეს, რადგან დეკლარაციის პერიოდულად წარდგენის ვალდებულება შემდეგ მიზანს ემსახურება: სახელმწიფო ორგანოებს და საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ იცვლებოდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობა მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს. სწორედ ამიტომაა, რომ პარლამენტის წევრები და თანამდებობის პირები ყოველწლიურად ავსებენ დეკლარაციებს. ხოლო, როდესაც პარლამენტის წევრი უარს ამბობს თანამდებობაზე, ინტერესი, როგორ იცვლება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობა, პრაქტიკულად აღარ არსებობს: პარლამენტის წევრებმა განცხადება უფლებამოსილების ცნობიდან რამდენიმე დღეში დაწერეს, ისე, რომ მათ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება არც დაუწყიათ. ასეთ შემთხვევაში, ამ რამდენიმე დღეში მათი ქონებრივი მდგომარეობის ცვლილება მათ თანამდებობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ვერ იქნება. იმდენად მცირე შუალედია, თავდაპირველი დეკლარაციის წარდგენაც კი კარგავს აზრს“,– ამბობს "აქცენტთან“ ხმალაძემ.

ამდენად, სამართალმცოდნე ფიქრობს, რომ თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს დეკლარაციის წარუდგენლობისთვის პასუხისმგებლობა დააკისრეს, მის კანონიერებაზე სასამართლოს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება გადაწყვეტილების პოლიტიკურ ნაწილს, ხმალაძე აზრით, „ეს არის კიდევ ერთი ზემოქმედების მცდელობაა, რომ დაითანხმონ პარლამენტში შესვლაზე, ან წვრილმანი უსიამოვნების შექმნა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S