
აფხაზეთის სომხური თემი პუტინის მხარდამჭერ შტაბს შეუერთდა
10/02/2021 13:15:39 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის სომხური თემი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ შტაბს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს აფხაზეთის რუსული თემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
თემების წარმომადგენლების შეხვედრა სოხუმში ორიოდ დღის წინ გაიმართა და "მარშალ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის დაარსების იუბილეს" მიეძღვნა.
როგორც სომხური თემის ლიდერმა გალუსტ ტრაპიზონიანმა განაცხადა, «აფხაზეთისთვის რუსეთი მეზობელიცაა, სტრატეგიული პარტნიორიც და ჩვენს ხალხებს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობებიც აკავშირებს».
პუტინის მხარდამჭერი "საზოგადოებრივი შტაბი" სოხუმში 1 თებერვალს ამოქმედდა. იგი "აფხაზეთის შავი ზღვის კაზაკთა ჯარისა" და რუსული თემის ოფისშია განლაგებული. შტაბი სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.
ამასთან, პუტინის მხარდამჭერი აქცია, როელიც 23 იანვარს, რუსეთის ქალაქების კვალდაკვალ, სოხუმშიც იყო დაგეგმილი, არ ჩატარდა - ის "ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოსწორებამდე" გადაიდო.