ესტონეთის პრემიერი: “რუსეთმა ევროპა დაამცირა”

11-02-2021 10:44:14 ევროპა

ევროპაში გრძელდება დებატები ჟოზეპ ბორელის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. ესტონეთის პრემიერმა კაია კალასმა ევროპელი დიპლომატის ეს ნაბიჯი დაგმო, თუმცა არ შეუერთდა მოთხოვნას ევროპული დიპლომატიის ლიდერის გადაყენების თაობაზე.

კალასის შეფასებით, ჟოზეპ ბორელის მოსკოვში ვიზიტის შედეგები “დამამცირებელია”. “რუსეთმა დაამცირა ევროპის წარმომადგენელი, დაამცირა ევროპა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი “გააგრილებს” იმ მიამიტ ხალხს, რომელიც თვლის, რომ რუსეთთან დიალოგი შესაძლებელია. რუსეთს დიალოგი ცალსახად არ სურს, ჩვენ სწორედ ამ ფაქტიდან უნდა ამოვიდეთ", - განაცხადა ესტონეთის პრემიერმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამავდროულად, კალასი არ შეუერთდა ბორელის გადაყენების მოთხოვნას, რომელსაც რიგი ევროპელი პოლიტიკოსები აყენებენ. "ბორელის თავი – ეს ის პასუხი არ არის, რომელიც ამ სიტუაციას მიესადაგება. ჩვენ თვალს უნდა ვადევნებდეთ რუსეთს და ვაწესებდეთ სანქციებს", - განმარტა მან.

ბრიუსელში პოლიტიკოსთა უმრავლესობა ბორელის მოსკოვში ვიზიტით უკიდურესად უკმაყოფილოა. "თქვენ პირისპირ მიაწოდეთ [ლავროვს – რედ.] თქვენი ძლიერი მესიჯები, მაგრამ მიეცით მას საშუალება, მსოფლიოში მილიონობით ადამიანამდე მიეტანა თავისი სიცრუე და ქედმაღლობა. და ამ მილიონებმა თქვენი დამცირება დაინახეს", - განაცხადა ევროდეპუტატმა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ფრაქციიდან, პოლონელმა ანა ფოტიგამ.

ბორელის ვიზიტი

ჟოზეპ ბორელი თებერვლის დასაწყისში მოსკოვს სამდღიანი ვიზიტით ეწვია. იგი რუსული უფებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყანაში აგორებული საპროტესტო ტალღის შესახებ იმსჯელა. გარდა ამისა, ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართა შეხვედრა, რომლის დროსაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისა და მისი მოწამლვის საქმის ობიექტური გამოძიების საკითხები დააყენა.

ამასთან, ევროპელმა დიპლომატმა ევროკავშირში რუსული კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის სერტიფიცირების იმედი გამოთქვა და კუბის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა გააკრიტიკა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები