მალვა ამჯერად, ქართველებისგან – შეუმსუბუქებს თუ არა გალელებს ყოფას თბილისის გადაწყვეტილება?

11-02-2021 14:32:50 კონფლიქტები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის ცნობით, 11 თებერვლიდან ენგურის ხიდი იხსნება, რაც „გარკვეული კატეგორიის“ ადამიანებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობას მისცემს.

ვინ შეძლებს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას?

როგორც „აქცენტს“ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, „პირველ ეტაპზე უპირატესობა მიენიჭებათ შეჭირვებულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხვალიდან კი პენსიონერებს".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გაიხსნა ორმხრივად, ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა. 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან პენსიონერები, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას“.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით“.

სავალდებულო კარანტინი

როგორც 11 თებერვალს გახდა ცნობილი, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქე სავალდებულო კარანტინს ექვემდებარება, თუმცა ვადა 12–დღიდან 5 დღემდე შემცირდა.

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში განმარტეს, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას პირს ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტი და გადავა 5–დღიან კარანტინში და თუ ამ დროის განმავლობაში სიმპტომები არ გამოუვლინდება, თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობაც მიეცემა.

მალვა

8 თებერვალს "აქცენტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ოკუპირებული გალის მოსახლეობის პრობლემების გაჟღერებისას კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ყვებოდა, რომ სავალდებულო კარანტინის გამო გალელებს უწევთ, კონტროლირებად ტერიტორიაზე მალულად გადმოსვლა და „თუ ადრე რუსებს და აფხაზებს ემალებოდნენ, ახლა ქართველებს ემალებიან“. კანაშვილი ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით პრობლემას ვერ მოხსნის საკარანტინო ვადების 5 დღემდე შემცირება, რადგან მისი ინფორმაციით, პრაქტიკა რეალურად იგივე იყო.

„ჩემი ინფორმაციით, ადამიანებს კარანტინში რეალურად 5–6 დღით ტოვებდნენ და თუ სიმპტომები არ გამოუვლინდებოდათ, გადაადგილების უფლებას აძლევდნენ. ამდენად, ამ მიმართულებით მდგომარეობა იგივე რჩება. მოქალაქეები ხშირად, კონკრეტული მიზნებისთვის რამდენიმე საათით გადმოდიან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და არა რამდენიმე დღით, ამიტომ, ვფიქრობ, სამართალდამცველებისგან მალვის პროცესი გაგრძელდება“,– განუცხადა „აქცენტს“ კანაშვილმა.

ამასთან, კანაშვილი ამბობს, რომ თუ გადაწყვეტილებას განვიხილავთ შემსუბუქების კუთხით გადადგმულ ნაბიჯად, რასაც შემდეგში საოკუპაციო ხაზის კვეთის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივება მოჰყვება, მაშინ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

ალტერნატივა

კონფლიქტოლოგის ცნობით, გალელებისთვის გაუგებარია, რატომაა შეუძლებელი, საოკუპაციო ხაზის კვეთისას ჩაუტარდეთ კორონავირუსზე ტესტირება, ან გალის საავადმყოფოებში, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნაწილია და შემდეგ ტესტის პასუხი წარუდგინონ ქართულ მხარეს ე.წ. საზღვარზე და მალვის გარეშე შეძლონ დანარჩენ საქართველოში საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე მშვიდად მოძრაობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები