
მოსკოვში სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხის განხილვა განახლდა
11/02/2021 13:38:38 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი მოსკოვში "როსავიაციის" (რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს) ხელმძღვანელ ალექსანდრე ნერადკოს შეხვდა. აფხაზური "სამინისტროს" პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა სოხუმის აეროპორტისა და რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხებს მიეძღვნა.
«მხარეებმა დეტალურად განიხილეს აეროდრომის ინფრასტრუქტურის ობიექტების რეკონსტრუქციის ორგანიზების, ასევე ახალი შენობების მშენებლობისა და საჰაერო მიმოსვლის მართვის სისტემის ორგანიზების საკითხები», – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
თავად კრისტინა ოზგანის თქმით, აფხაზური მხარე მოელის, რომ საპროექტო სამუშაოები წელს დაიწყება. ამასთან დაკავშირებით მან რუსულ მხარეს "ამ სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიების შერჩევაში დახმარების თხოვნით მიმართა" - ნათქვამია "სამინისტროს" ინფორმაციაში.
«ორმხრივი მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ხასიათს ატარებს და ამჟამად პრაქტიკულ სიბრტყეში გადადის: უკვე მიმდინარეობს მუშაობა საპროექტო ორგანიზაციებთან», – განაცხადა, თავის მხრივ, რუსული უწყების ხელმძღვანელმა.
გასული წლის ნოემბერში რუსული დელეგაცია სოხუმს ეწვია და აეროპორტის მდგომარეობას გაეცნო. დეკემბერში მოსკოვში აეროპორტის აღდგენის პერსპექტივები "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ განიხილა. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს კი მან განაცხადა, რომ აეროპორტი არაუგვიანეს 2024 წლისა ამოქმედდება.