
თბილისი "ტვიტერის" მიერ აფხაზეთში რუსეთის "საელჩოს" ანგარიშისთვის ავთენტურობის მინიჭების ფაქტს "მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ აქტივობას" უწოდებს
12/02/2021 09:49:08 კონფლიქტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "ტვიტერის" მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის "საელჩოს" ანგარიშის ავთენტურობის დადასტურების საკითხს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება "მოსკოვის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული აქტივობების ნაწილია".
საგარეო უწყების თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ–ში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ამერიკულ მხარესთან, ასევე უშუალოდ კომპანიასთან.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ჰქონდა კომუნიკაცია როგორც ამერიკულ მხარესთან, ასევე უშუალოდ კომპანიასთან, რა დროსაც მათ გაეცნოთ ქართული მხარის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. მსგავსი ქმედებები წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული და დეზინფორმაციული აქტივობების ნაწილს. მოგეხსენებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს მსგავს ფაქტებზე. პრაქტიკაში გვქონია არაერთი ანალოგიური ფაქტი და ჩვენი და პარტნიორების ძალისხმევით გამოსწორებულა მსგავსი ხასიათის სხვადასხვა ტიპის დარღვევები ამა თუ იმ საიტზე", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო უწყებაში.
ცნობისთვის: "ტვიტერმა" ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს ანგარიშის ვერიფიკაციის აღმნიშვნელი ლურჯი სიმბოლო მიანიჭა, რომელიც ადასტურებს, რომ ანგარიში ავთენტურია. ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში "ტვიტერის" კრიტიკა მოჰყვა.
ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, "ტვიტერმა" ვერიფიკაციის ნიშანი ანექსირებულ ყირიმში არსებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ოფისის ანგარიშსაც მიანიჭა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა "ტვიტერის" ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა და კომპანიას რუსული ანგარიშის გაუქმება მოსთხოვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კი სოციალური პლატფორმა რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.