Accentnews.ge
ოკუპანტებმა 2009-19 წლებში საქართველოს 3 193 მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა 2009-19 წლებში საქართველოს 3 193 მოქალაქე გაიტაცეს

12/02/2021 10:54:52 კონფლიქტები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, ვიშეგრადის ფონდისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით შექმნილი პლატფორმა, საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორია (Datalab) რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2009-2019 წლებში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემთა წყარო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.

სტატისტიკის თანახმად, 2009-2019 წლებში (29 აგვისტომდე) საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 3 193 საქართველოს მოქალაქე. ამათგან 1 932 — აფხაზეთის, ხოლო 1 261 ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისთვის დააკავეს.

Datalab-ის თანახმად, 2009 წლის შემდეგ საოკუპაციო ძალები ყოველი კვირის განმავლობაში საშუალოდ 5-6 საქართველოს მოქალაქეს აკავებდნენ. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 10 ადამიანს აჭარბებდა.

დაკავებულთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე (ჯარიმის გადახდამდე) გრძელდება, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც დაკავებულები გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში რჩებიან.

სუს-მა 11 თებერვალს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დადმდგარი ოკუპაციის უშუალო შედეგია და მცდარია ნარატივი უკანონო დაკავებების გახშირების შესახებ.

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი საბედაშვილმა ბრიფინგზე არგუმენტად 2009-დან 2013 წლის სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა:

“2009 წელს საქართველოს 80-მდე მოქალაქე დააკავეს უკანონოდ, 2010 წელს ასევე საქართველოს 80 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ. 2011 წელს უკანონო დაკავებების რიცხვმა 140-ს მიაღწია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაკავებების სტატისტიკაში. 2021 წელს 110 ადამიანი იქნა დაკავებული უკანონოდ. 2019-2020 წლებში უკანონოდ დააკავეს 86 და 64 ადამიანი. შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად მცდარია აღნიშნული ნარატივის დაკავშირება სახლემწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან”.

ამასთან, სუს-ში აღნიშნავენ, რომ უკანონო დაკავებებს სახელმწიფო მათ ხელთ არსებული ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტის გამოყენებით უპირისპირდება და აცხადებენ, რომ ამ ბერკეტების, მათ შორის ცხელი ხაზის დანიშნულების, დაკნინება საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს ემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S