სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით
16/02/2021 07:03:04 სამართალი
სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამასთან, ნინო ლომჯარიას თქმით, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების გადაწყვეტილებას გადახედოს.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისთვის საჭიროა მისი მიზნებისა და საფუძვლების სათანადოდ დასაბუთება. კერძოდ, პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული ფორმა აუცილებელია, ვინაიდან ბრალდებულმა შესაძლებელია თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, მიიმალოს, გაანადგუროს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობისას, შეფასების ძირითადი საგანი უნდა გახდეს - არსებობს თუ არა დღეს ბრალდებულის ქცევის შეზღუდვის საჭიროება და ემსახურება თუ არა ეს შეზღუდვა მართლმსაჯულების ინტერესებს; მითუმეტეს, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან გასულია 18 თვეზე მეტი, დასრულებულია გამოძიების ეტაპი და საქმე ამჟამად არსებითად იხილება.
იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით) - ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს. ამ ტიპის საერთაშორისო იმიჯი კი მნიშვნელოვნად შეანელებს ქვეყნის დასავლური განვითარების პროცესს, რაც არაერთ სიკეთესთან ერთად, ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დაცვას გულისხმობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გადაწყვეტილების მიღების დროს იმსჯელონ და სათანადოდ შეაფასონ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის გამოყენება ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ცნობისთვის: პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში მსჯელობენ. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქტივისტების საპროტესტო აქცია იმართება.
სხდომაზე რა დაუშვეს მელიას ადვოკატები. უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება" ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.
ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში პროკურატურას საშუალება ექნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.


