Accentnews.ge
“ოდიოზური ფიგურების წარმომადგენლებად დანიშვნა, საოკუპაციო რეჟიმების მიერ პროპაგანდის გავრცელებას ემსახურება”

“ოდიოზური ფიგურების წარმომადგენლებად დანიშვნა, საოკუპაციო რეჟიმების მიერ პროპაგანდის გავრცელებას ემსახურება”

16/02/2021 10:43:44 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ სან-მარინოს რესპუბლიკაში თავისი “ოფიციალური წარმომადგენელი” დანიშნა. ინფორმაციას ოსური სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ თანამდებობას სან-მარინოს მოქალაქე ფრანჩესკო კიარელი დაიკავებს.

“15 თებერვალს, ფრანჩესკო ჩიარელმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც მან ჟურნალისტებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გააცნო. ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობებში შედის სანმარინოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთს შორის კონტაქტების დამყარება. ერთობლივი ეკონომიკური და ჰუმანიტარული პროგრამების მომზადება და მათი განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ტურიზმისა და კულტურული გაცვლის სფეროებზე”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „აქცენტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, “ოდიოზური ფიგურების წარმომადგენლებად დანიშვნა, საოკუპაციო რეჟიმების მიერ პროპაგანდის გავრცელებას ემსახურება”:

“იმ ფონზე, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იურიდიულად დაადგინა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტი, საოკუპაციო რეჟიმებს ისღა დარჩენიათ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში თვითმარქვია ე.წ. ელჩებისა და წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ პროპაგანდის გავრცელებით შეეცადონ საწინააღმდეგოს მტკიცებას.

შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი ცხადზე ცხადია, რომ ისეთი იდიოზური ფიგურები, როგორიცაა მაურო მურჯა და ვიტო გრიტანი იტალიაში, ხოლო ახალი ე.წ. წარმომადგენელი ფრანჩესკო კიარელი სან-მარინოში, ემსახურებიან რუსეთის სპეცსამსახურების დესტრუქციულ ამოცანებს საქართველოსა და ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების განხორციელებაში. ბუნებრივია, აღნიშნული იდიოზური პირების უკანონო საქმიანობას სრულად ემიჯნებიან იტალიისა და სან-მარინოს მთავრობები.

ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ჩვენი პარტნიორების – იტალიისა და სან-მარინოს მთავრობებთან, რათა მათთან კოორდინაციით დავუპირისპირდეთ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებსა და დეზინფორმაციის კამპანიას და მოვახდინოთ არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაცია საერთაშორისო არენაზე”.

მოგვიანებით, სან-მარინოს სახელმწიფო სამდივნო ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და სან-მარინოს არ გააჩნია არავითარი განზრახვა "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების კუთხით".

„სან-მარინოს რესპუბლიკა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის პოზიცია უკავია. მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უდიდესი უმრავლესობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, სან-მარინოს არ გააჩნია არავითარი განზრახვა აღიარების კუთხით. ეს პოზიცია სან-მარინოს მიერ მუდმივად ჟღერდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და სხვა ნებისმიერ შემთხვევაშიც, როდესაც ამის საჭიროება არსებობს“ - ნათქვამია სან მარინოს პოლიტიკურ და საგარეო საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S