პროკურორი ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს

16-02-2021 16:00:02 სამართალი

პროკურორი ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა.

"რაც შეეხება შემდგომ პროცედურებს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გათვალისწინებულია სასამართლოსთვის შუამდგომლობის მიმართვა, რისი უფლებამოსილებაც გააჩნია ბრალდების მხარეს, შესაბამისად, დღესვე ბრალდების მხარე უზრუნველყოფ შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას, თბილისის საქალაქო სასამართლოში", – განაცხადა გულუაშვილმა.

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

გენერალური პროკურატურა 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს, უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლას ითხოვს. საგამოძიებო უწყებამ პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება მას ვერ დაიჭერს.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მელიას დეპუტატის მანდატი ერთხელ უკვე ჩამორთმეული აქვს. 2019 წლის დეკემბერში მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ მას უფლებამოსილება შეუწყვიტა ბანკ „ქართუს“ გაკოტრების მცდელობის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები