
ეუთო–ში ევროკავშირის დელეგაცია – გახელაძის საქმეზე: "მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან"
16/02/2021 13:06:18 კონფლიქტები
ეუთო–ში ევროკავშირის დელეგაციამ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების ფაქტი დაგმო.
ევროკავშირის დელაგაციის განცხადებით, ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ.
„ჩვენ განვაგრძობთ სხვადასხვა ფორმატების გამოყენებას საქართველოში ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების განსახილველად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს და დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ახალი პროვოკაციული ნაბიჯებისაგან, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოებას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას". - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 5 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლება "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობასა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" ედავება.