Accentnews.ge
რომელი მოსამართლე განიხილავს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს

რომელი მოსამართლე განიხილავს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს

16/02/2021 18:45:55 სამართალი

ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს. ინფორმაციას მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ადასტურებს.

მოსამართლე ჩახნაშვილი 2019 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

მანამდე – 2018-2019 წლებში ის თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016-2018 წლებში კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე.

ჩახნაშვილის სახელი გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს სწორედ ამ საკადრო გადაადგილების შემდეგ უკავშირდება: 2019 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებდა, რომ ნინო ჩახნაშვილი თელავიდან თბილისში უკონკურსოდ გადმოიყვანეს. იგი მალევე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვის მოსამართლედ დაინიშნა. ანა დოლიძის თქმით, მოსამართლეს მხოლოდ ერთწლიანი გამოცდილება ჰქონდა და მრავალტომიანი საქმე არ უნდა განეხილა.

ცნობისთვის: 88 დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა, რითაც პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა. თავის მხრივ პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1 ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S