პროკურორი – მელიასთვის მეორედ შეფარდებულ გირაოზე: “პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად”
17/02/2021 14:40:26 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე, რომელზეც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხს განიხილავენ, დაცვის მხარე საქართველოში არსებული პრაქტიკით დაინტერესდა.
ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა: "გქონიათ თუ არა პრაქტიკა, ბრალდებულისთვის შეფარდებული გირაოს გამკაცრების ღონისძიებად გამოგიყენებიათ გირაოს გაზრდა?"
პროკურორმა აღნიშნა: „სამართალი მხოლოდ ინტერპრეტაციაა“. მისი თქმით, ის არ არის ზუსტი მეცნიერება. პროცესზე მყოფმა კიდევ ერთმა ბრალმდებელმა აღნიშნა: „იყო - არ იყო პრაქტიკაში? პრაქტიკაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად“.
2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი (რაც მელიამ გადაიხადა) და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მას სასამართლომ 40 000 ლარით გაუზარდა გირაოს თანხა. სწორედ, ამ თანხის გადაუხდელობის გამო მოითხოვს ბრალდების მხარე მელიას პატიმრობას.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია. იგი პროცესს თვალს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ენმ–ის ოფისიდან ადევნებს.


